სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის მოხმობა ამ სოციალურ ფონზე არასწორად და სრულიად უპასუხისმგებლოდ მოხდა, რადგანაც ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის სასამართლოს პრაქტიკა არსებობს და მუხლის გამოყენება მხოლოდ 3 შემთხვევაში ხდება: 1. თუ ჰიპერინფლაციაა, 2. მოხდა დენომინაცია (100 ლარი შეიცვალა/გახდა 10 ლარი) და 3. ვალუტის/ფულის ერთეული შეცვალა. ასე გამოეხმაურა ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი-ექსპერტის დავით ზარდიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას იურისტი და ექსპერტი ლევან ალაფიშვილი.
„ ეს შეეხება არა მხოლოდ ლარს, არამედ ყველა იმ ვალუტას რომელიც მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულებით, იქნება ლარი, დოლარი თუ კუნა. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის სასამართლოს პრაქტიკა არსებობს. მათ შორის 2000 წლის 26 ივლისის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინება”, – განაცხადა ალაფიშვილმა.
მისი თქმით, არსებობს სხვა მსგავსი განჩინებებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ განმარტა და დააზუსტა კიდევ აღნიშნული მუხლის შინაარსი
ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტ-ექსპერტმა დავით ზარდიაშვილმა ინტერნეტით გაავრცელა განცხადება, სადაც მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი და უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის მსესხებლებს მოუწოდა ბანკებთან ურთიერთობის დროს ამ მუხლით იხელმძღვანელონ.
„ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის“, – ციტირებს სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ მუხლს ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი-ექსპერტი დავით ზარდიაშვილი.
GBC