LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბეჟაშვილი: ენმ ვერ შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდეს – სტრატეგია და გეგმა გვჭირდება, მათ შორის, საპროტესტო აქციების დაორგანიზება

77
ლევან ბეჟაშვილი

„ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეეგუება, რომ პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, სტრატეგია და გეგმა გვჭირდება, მათ შორის, საპროტესტო აქციების დაორგანიზება და ა.შ.“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილს მკურნალობა და რეაბილიტაციის გავლა საზღვარგარეთ სჭირდება და მოსახლეობამ პროტესტი უნდა გამოხატოს, რათა ხელისუფლებამ სააკაშვილისთვის შესაბამისი მკურნალობის კურსის გავლის გადაწყვეტილება მიიღოს.

ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც ესწრებოდა, რაც მისი თქმით, ჩვეულებრივი ამბავია.

„საზოგადოება ხედავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობა დღემდე გრძელდება. დღემდე არ უზრუნველყვეს, რომ ამ ადამიანს სამედიცინო მომსახურება გაეწიოს. ყველა ექიმი, ყველა კონსილიუმი ამბობს, რომ შეუძლებელია ამ პირობებში, ამ ვითარებაში, ამ აღჭურვილობის პირობებში, ქვეყნის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ნორმალური მკურნალობის განხორციელება.

ამიტომ ერთადერთი შესაძლო გამოსავალი უნდა იყოს ის, რომ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მოხდეს და შესაბამისად, მოხდეს სასჯელის მუხლის გადავადება, მაგრამ ხელისუფლებას განზრახული აქვს მისთვის პირდაპირ წამებასთან გათანაბრებული სტატუსის შენარჩუნება, იმიტომ, რომ მათთვის მთავარი არის ახლა, პუტინი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ამიტომ ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ, ან უნდა ავიმაღლოთ ხმა და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ან უნდა შევეგუოთ პუტინის მმართველობას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა სწორედ იმიტომ იყო მიწვეული, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი სტრატეგია ჩამოაყალიბონ.

„ბუნებრივია, პარტია ვერ შეეგუება, რომ პარტიის ლიდერი, ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდეს და ჩვენ ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით, სტრატეგია და გეგმა გვჭირდება, მათ შორის, საპროტესტო აქციების დაორგანიზება და ა.შ.

იმავდროულად, გიული ალასანიას პარტიაში მოსვლა ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ, რომ პარტია არა თუ დაფუძნებული არის მიხეილ სააკაშვილის მიერ, არამედ ის ერთ-ერთი ლიდერია. შესაბამისად, მისი აზრი, მისი პოზიცია განმსაზღვრელი იქნება პოლიტსაბჭოსთვის. სამუშაო რეჟიმია და პირველი მოსვლა და პირველი შეხვედრა არ არის.“ – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები