LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა გუდაურში 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი საზეიმოდ გახსნა

193
ლეო

2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი დღეს ოფიციალურად გუდაურში გაიხსნა.

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ზამთრის კურორტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით გაწეული სამუშაო შეაფასა და ამ კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მთიანი რეგიონების განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოაცხადა, მთის რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.

„ჩვენ შემოვიღეთ ახალი პოლიტიკა, მივიღეთ „კანონი მთის შესახებ“, მთელი რიგი პრეფერენციები დაწესდა მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის თუ ბიზნესებისთვის, იმისთვის, რომ ეკონომიკური აქტივობა მეტად წაგვეხალისებინა და საცხოვრებელი პირობები გაგვეუმჯობესებინა. ამასთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთაში, კერძოდ, ბოლო წლების განმავლობაში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სახელმწიფომ 800 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მნიშვნელოვანი ინვესტიციები გუდაურთან ერთად განვახორციელეთ ბაკურიანში, სვანეთში, გოდერძიზე და განახლდა მთელი სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, 28 ახალი საბაგირო გზა მოეწყო“, – განაცხადა მინისტრმა.

წელს დამსვენებლებს გუდაურში ორი ახალი საბაგირო კომპლექსი დახვდებათ – 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, რომელთა გამტარუნარიანობა საათში 1800-2400 მგზავრს შეადგენს. სიახლეა სათხილამურო არეალების მხრივაც – უკვე არსებულ ტრასებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ, ამასთან, 70 კმ სიგრძის ტრასას 6 კმ სიგრძის სრულიად ახალი სათხილამურო არეალი ემატება. კურორტს ინფრასტრუქტურის განახლების პროცესის ფარგლებში შეემატა სრულიად ახალი სპეცტექნიკა – თოვლსატკეპნი და თოვლმავალი. გუდაურში ყველა საბაგიროზე უკონტაქტო გამშვები პუნქტებიც განახლდა, დამონტაჟდა ახალი საინფორმაციო მონიტორები. კურორტი ახალი საგზაო და სათხილამურო მანიშნებლებით აღიჭურვა და მოეწყო 2 ახალი სველი წერტილი. მნიშვნელოვანია, რომ გუდაურს ამ სეზონზე ახალი სამაშველო შენობაც ექნება. აღნიშნული კურორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტში, დაახლოებით, 70 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს მთელ გუნდს, მთის ტრასების სააგენტოს, რეგიონის ხელისუფლებას, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუზოგავად, კოორდინირებულად იმუშავა მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ წარმატებული ზამთრის სეზონი იყოს არამხოლოდ გუდაურში, არამედ სხვა კურორტებზეც. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა აგრძელებს მთის კურორტების განვითარების მიმართულებით მუშაობას, რათა ქვეყანაში მეტი სპორტული არეალი იყოს მეტი დაინტერესებული ვიზიტორისა და ტურისტის მოსაზიდად.

„2023 წელი გამორჩეულია საქართველოსთვის – ბაკურიანში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში. მსოფლიოში მხოლოდ ორი ათეული ქვეყანაა, სადაც ასეთი პრესტიჟული ტურნირები ტარდება და რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველია სამთო-სათხილამურო სპორტით დაინტერესებული ტურისტებისთვის. საქართველო ისეთი ქვეყნების რიგშია, როგორებიცაა საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, ავსტრია და ა.შ. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS)  მიიღო გადაწყვეტილება, რომ  საქართველოში ყოველ წელს ჩატარდეს მსოფლიო თასის ეტაპები. ეს ყველაფერი ჩვენი ზამთრის კურორტების ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

magti 5g