LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა ლიეტუველ კოლეგას შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობები გააცნო

132
j (2)

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ მარიუს სკუოდისთან შეხვედრაზე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორებში როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

“აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, დღის წესრიგში დადგა ტრანზიტის მარშრუტების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და გაიზარდა მოთხოვნა ტვირთების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტებზე.

ქართულმა მხარემ ისაუბრა შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ევროპა – აზიის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის მეტად განვითარებით და მარშრუტის სხვა მონაწილეებთან ერთად აქტიურად მუშაობს სატრანზიტო ტვირთების მოსაზიდად.

მნიშვნელოვანი სატრანსპორტო – ლოგისტიკური პროექტების ჩამონათვალში, ქართულმა მხარემ დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში, მათ შორის, მგზავრთა გადაყვანის და კარგო მიმართულებით. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნა თბილისსა და ვილნიუსს შორის დამატებით სტიმულს მისცემს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნების ინტერნეტიზაციისა და ციფრული სერვისების განვითარების მიმართულებით”, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g