LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დოლიძე: ზოგადად, კოალიციურ მმართველობაში, არც გასაკვირია რამე და არც ცუდი იმ შემთხვევაში, თუ ეს კოალიცია რეალურია, ნაციონალური მოძრაობის კოალიციებთან დაკავშირებით საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს

42
levan dolidze 1

„კოალიციებში და კოალიციურ მმართველობაში არც გასაკვირია რამე და ეს ცუდიც არ არის, განსაკუთრებით, თუ ეს კოალიცია რეალურია. რაც შეეხება გუშინდელ ღონისძიებას და ამ კომპოზიციას – ჩვენთვის აქ განსაკუთრებული სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან, პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი – ისინი ადრე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წასვლის შემდეგაც მათ ჰქონდათ ძალიან მჭიდრო სამეკავშირეო ურთიერთობა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან.  ასევე, დანარჩენებიც,  რომლებიც მანამდე არ წარმოადგენდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ – ისინიც საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სწორედ ამ პარტიასთან. აი, ეს თანამშრომლობა ვიხილეთ 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ყველანი ერთად უცხადებდნენ ბოიკოტს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას.“ – ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი – ლევან დოლიძე გუშინ ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ კოალიციურ კაბინეტს, რომელიც მერის არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში ქალაქის მერიის მართვას ჩაიბარებს.

„კოალიციურ მთავრობაში ცუდი და გასაკვირი არაფერი არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციებთან დაკავშირებით, მე პირადად, საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, რადგან ჩვენთვის ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილი.  ეს ასევე ეხება ოცნებასაც – ორივე პარტია მიდრეკილია ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობისკენ. თუმცა, ეს მათი არჩევანია, ჩვენ ბუნებრივია მათ არჩევანზე მსჯელობას არ ვაპირებთ, მაგრამ ეს კომპოზიცია ჩვენთვის გასაკვირი არ ყოფილა.“ – ამბობს დოლიძე

„ასეთი ტიპის თანამშრომლობა ერთ-ერთი საფუძველია იმ ორპოლუსიანობის, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებამდე გვქონდა. ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორეს მხრივ,  ორგანიზაცია „ოცნება“ მუდმივად ცდილობენ, რომ მათ პოლუსებზე ვიყოთ სხვადასხვა პატარა პოლიტიკური პარტიები.  თუმცა ეს პოლიტიკური მოცემულობა ამ ქვეყანაში შეიცვალა და შეიცვალა სწორედ ჩვენი ამომრჩევლების გადაწყვეტილებით,  მას შემდეგ, რაც საკმაოდ დიდმა ნაწილმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ამ ორპოლუსიანობის წინააღმდეგ და პარტია „საქართველოსთვის “ სახით შემოვიდა  სრულიად ახალი მოთამაშე პოლიტიკურ ასპარეზზე.  დარწმუნებული ვარ, ეს სიახლე კიდევ უფრო მკაფიო და თვალსაჩინო გახდება ჩვენი მოქალაქეებისათვის.“ – აცხადებს ლევან დოლიძე.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს განცხადება გაკეთებული – სისტემურ პარტნიორობაში და კოალიციებში არ ვაპირებთ შესვლას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არც ორგანიზაცია „ოცნებასთან,” – ამბობს დოლიძე.

რაც შეეხება მეორე ტურებში პარტია ,,საქართველოსთვის“ პოზიციონირებას, პარტიის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ისინი არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ უჭერენ მხარს და მეორე ტურში მათი ამოცანა იმ ოლქებში გამარჯვებაა, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატები იბრძვიან.

„11 ოლქში პარტია „საქართველოსთვის“ მეორე ტურებში იბრძვის გამარჯვებისთვის, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ცაგერში ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის მერის არჩევნებში.  ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა მეორე ტურებში. ასევე, მკაფიოდ გვაქვს გამოხატული პოზიცია, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც პარტია „ოცნებას“ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ.“ – ამბობს დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები