რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გაფოძის განცხადებით, კლინიკა კვლავ დატვირთულია. როგორც გაფოძემ სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკმაოდ ბევრი პაციენტია და რეანიმაციული განყოფილება მთლიანად სავსეა. მისივე თქმით, მძიმე პაციენტების ასეთი დიდი რაოდენობა თავისთავად განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ შემცირდეს.
ლევან გაფოძის განცხადებით, პანდემიის პირობებში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია განხორციელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ გაიხსნა ახალი რეანიმაციული განყოფილება და რამაც შესაძლებელი გახადა რთულ პირობებში დაახლოებით 350 პაციენტის მიღება. მისივე თქმით, დღეს დაახლოებით რეანიმაციულ განყოფილებაში 70 ადამიანი იმყოფება.
უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ახალი წლის დღესასწაული: ამირან გამყრელიძე
„პანდემიის პირობებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეული რეორგანიზაცია განხორციელდა. ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს იმას, რომ ოთხი სართული უკვე შევიდა მოქმედებაში ძველი შენობიდან, ამას დაემატა ისიც, რაც მანამდე გვქონდა, მთლიანად შეიცვალა მისი ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ახალი რეანიმაციული განყოფილება, რამდენიმე თერაპიული განყოფილება, რამაც საშუალება მისცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ძალიან დატვირთულ პირობებში, დაახლოებით 350 პაციენტი მიეღო და ემკურნალა მათთვის, მათ შორის, ამ 350-დან 75 რეანიმაციული ადგილი გვქონდა, რაც დამერწმუნებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის და პირადად ჩვენთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომლისთვის.
ძალიან მძიმე დრო გამოვიარეთ, მაგრამ ამას ჰქონდა განსაზღვრული დადებითი მომენტებიც, იმიტომ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო აღიჭურვა უახლესი აპარატურით, მათ შორის ეს იყო რეანიმაციისთვის და კვლევებისთვის საჭირო აპარატურა. ჩვენ უკვე გვაქვს PCR ტესტირებისთვის საჭირო აპარატურა და ა.შ. გამოწვევები და პრობლემები რა თქმა უნდა, რჩება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის, რომ კვლავ დატვირთულია რესპუბლიკური საავადმყოფო, საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს, მათ შორის დაახლოებით 70 პაციენტი გვყავს ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში.
შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის და მძიმე პაციენტების ასეთი მაღალი რიცხვი, რაც ამ წუთას რესპუბლიკურ საავადმყოფოშია, განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ შემცირდეს, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მძიმე პაციენტების რაოდენობა, მაგრამ აუცილებლად ჩვენმა მოსახლეობამაც ხელი უნდა შეგვიწყოს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
კიდევ 53 გარდაცვლილი და 3 278 ახალი შემთხვევა – განახლებული კოვიდსტატისტიკა
წყარო: IPN / ფოტო: რადიო „თავისუფლება“
