„20 დღის შემდეგ ყოველი დღე უფრო მძიმეა. ურთულესი პროცესია და ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანი ცოცხალი სჭირდება ამ ქვეყანას, გამოუსწორებელ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარეობს, გოგიჩაიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
მისი შეფასებით, ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლება, იმავე სქემას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოიყენა, ვეღარ გამოიყენებს.
„პროტესტს რაც შეეხება, პროცესი გრძელდება. დღეიდან დაიწყო პარლამენტმა მუშაობა, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და ლეგიტიმაციას [პარლამენტს] არ ვაძლევთ. გავაკეთეთ ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რომ არ ყოფილიყო ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის ცნობა.
ქვეყნის შიგნით 69-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს. ამიტომ ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენივე ლოგიკით დანიშნეთ არჩევნები. თქვენ თუ ამბობთ, რომ თქვენს ელექტორალურ ხმებს ძვრა არ აქვს, რა პრობლემაა, დანიშნეთ არჩევნები და ვნახოთ.
„გარე სამყარო ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ როგორ აქცევს ერთი ადამიანი თავის ერთპარტიულ სისტემას პუტინის რუსეთის იმიტაციად“ – სალომე ზურაბიშვილი
„გარე სამყარო ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ როგორ აქცევს ერთი ადამიანი თავის ერთპარტიულ სისტემას პუტინის რუსეთის იმიტაციად“ – სალომე ზურაბიშვილი
არჩევნები რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჯდება, საშემოსავლო გადასახადი კი რამდენიმე მილიარდი, რომლის უმეტესს წილსაც ოპოზიციურ ამომრჩეველზე მოდის, ჩვენ თანახმა ვართ, ჩვენი გადასახადით ჩატარდეს არჩევნები.
არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო თანხას, ყოველთვიურად იპარავს მერიის ბიუროკრატია, მაგრამ იმიტომ არ ნიშნავენ, რომ იმავე სქემას ვეღარ დაატრიალებენ. ჩვენ არ ვდავობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი არ ჰყავს, მათ 600 000 ადამიანი უჭერს მხარს, მაგრამ არა მილიონ ასი ათასი.
„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს პარტიაზე – „გახარია – საქართველოსთვის“ – ხმა აიღო, მაგრამ 53% არ აუღია. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება პარლამენტში 89 დეპუტატი ჰყავდეს, მაგდენი ხმა არ აუღიათ“. – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“