სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საზოგადოებას ახალი მოადგილეები წარუდგინა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის ადგილებს ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე დაიკავებენ.
ლევან იოსელიანის თქმით, ელენე ღუდუშაური,პროფესიით იურისტია, სამართლის მაგისტრი, ნათია ჯულაყიძე კი სახელმწიფო მართვისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი.
„დღეს, როცა საქართველო ელის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და შესასრულებელი გვაქვს 12 პუნქტი, ვიცი, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი იმაზე დიდი ყურადღების ქვეშ იქნება და მის განცხადებებს იმაზე დიდი ყურადღებით დააკვირდებიან, ვიდრე ოდესმე, ამიტომ ვეცდებით, რომ ჩვენი თითოეული სიტყვა, ყველა განცხადება იყოს მაღალ არგუმენტაციაზე დაფუძნებული“, – განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.
გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ომბუდსმენის მოადგილის თანამდებობა 31 მარტიდან დატოვეს. ბურჯანაძე წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ მან ლევან იოსელიანს არჩევისთანავე უთხრა.
„ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ლევან იოსელიანის შეფასებისგან თავს შევიკავებ“ – გიორგი ბურჯანაძე
ბურჯანაძის თქმით, მან და ეკატერინე სხილაძემ მარტის ბოლომდე დარჩენა გადაწყვიტეს, რადგან ანგარიში ჰქონდათ დასასრულებელი.
ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად 7 მარტს აირჩია.