ცნობილი ექიმი, ლევან ხარატიშვილი სოციალურ ქსელში იმ რისკების შესახებ წერს, რაც რელიგიური დღესასწაულის ხალხმრავალ აღნიშვნას მოჰყვება.
გთავაზობთ მის პოსტს:
“აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ ”წვერს”. ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსობას, სპორტსმენები – სპორტსმენობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები, ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას… ი რაზვე ეტო ნორმალნო?!!!!”