LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაისაშვილი: „მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას მივიღებთ“…

154
122484299-3414318748665200-3217314760377346520-o

როგორ აფასებს შოტლანდიასთან „ბორჯღალოსნების“ მარცხს, რა შეიცვალა მორაგებთა ეროვნული გუნდის მომზადების გეგმაში რუსეთთან მატჩის გადადებით და როგორ მოლოდინი აქვს „შემოდგომის ერთა თასის“ მიმართ…

 

„ფორტუნას“ საინტერესო საკითხებზე საქართველოს მორაგებთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი ესაუბრა.

ბატონო ლევან, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. მოდით შოტლანდიასთან მატჩით დავიწყოთ, რომელიც ბორჯღალოსნებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართეს. როგორ შეაფასებდით ამ მატჩს, მასში დაშვებულ შეცდომებს, შეგვეძლო თუ არა უკეთესი თამაშის ჩვენება და უკეთესი შედეგის დადება თუნდაც რვათვიანი პაუზის ფონზე?

მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო, ალბათ მაინც უკეთესად შეიძლებოდა თამაში, თუმცა როგორც აღვნიშნე, დიდი ხანია არ გვითამაშია ერთად. გუნდის 95%-ს რვა თვეა არ უთამაშია, დანარჩენი 5% ძირითადად საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერია, თუმცა არც მათ ჰქონიათ მაინცდამაინც დიდი პრაქტიკა. შოტლანდია კი არაა გუნდი, რომელიც ამ შეცდომებს გვაპატიებდა. ბურთის ფლობის % 70/30 იყო, ჩვენ სულ რამდენჯერმე გვქონდა მომენტი, როცა უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა გამოვიყენეთ მხოლოდ ერთი მომენტი, სამი კი ვერა. მატჩში შოტლანდიას ჰქონდა ისეთ პოზიციებზე დომინაციის საშუალება, სადაც როგორც წესი ჩვენ არ გვჩვევია, რომ არ ვიყოთ დომინანტები, მაგალითად მოლში, შეჯგუფებაში… ერთადერთი, რითიც უკმაყოფილო ვარ ის არის, რომ ვერ შევძელით გვეთამაშა, თუმცა ანგარიში ამ ყველაფერს არ ასახავს.
მაგრამ ეს პირველი თამაშია ძალიან დიდი პაუზის შემდეგ და ლოგიკურია ამდენი შეცდომა, იყო დისციპლინის დაბალი ხარისხიც, თუმცა იყო მომენტები, სადაც იძულებული ვიყავით დავჯარიმებულიყავით. ვფიქრობ, როცა თამაშის ხარისხი გამოსწორდება, დისციპლინაც გამოსწორდება.

რუსეთთან 1 ნოემბერს გასამართი მატჩი გადაიდო. როგორ შეცვალა ამ ფაქტმა თქვენი მზადების გეგმები და მიახლოებითი თარიღი მაინც თუ არის ცნობილი როდის შეიძლება ეს მატჩი გაიმართოს?

ეს ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც მზადების დროს შეიძლებოდა მომხდარიყო გამომდინარე იქიდან, რომ რვა ერისთვის მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავდით როგორც შოტლანდიასთან, ასევე რუსეთთან მატჩებს. ამდენი ხნის პაუზის შემდეგ პირდაპირ შოტლანდიასთან თამაშიც არ გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვგეგმავთ. იმ ყველა შეცდომის გამოსასწორებლად, რაც იყო შოტლანდიასთან მატჩში, იმისათვის, რათა ნაწილობრივ შევძლოთ სურათის გაუმჯობესება, მოთამაშეებს უნდა დაუგროვდეთ ჩატარებული მატჩების ოდენობა. ეს საჭიროა როგორც გამოცდილების და პარტიკისთვის, ასევე უკეთეს ფორმაში შესასვლელადაც. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში იქნება საქართველოს ჩემპიონატის ერთი ტური საქართველოში ბაზირებული მოთამაშეებისათვის და მეორე ტურს ნაწილობრივ ის კლუბები ითამაშებენ, ვისაც უწევს თამაში. ესაა მაქსიმუმი, რასაც ვახერხებთ ამ ეტაპზე. რასაკვირველია არის რისკები როგორც ტრავმის, ასევე კოვიდინფიცირების, ამისგან დაზღვეულები არ ვართ, მით უმეტეს ტრავმისგან. რამდენიმე მოთამაშემ ტრავმა შოტლანდიასთან მატჩამდე ვარჯიშზე, სრულიად უწყინარ სიტუაციაშიც მიიღო. ერთადერთი იმედი უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმედია არ იქნება ტრავმები. საფრანგეთში ბევრად დიდია ინფიცირების შანსი, ვიდრე ჩვენთან. მე მაქვს კომუნიკაცია ბიჭებთან, რომლებიც იქ თამაშობენ. არის კლუბები, სადაც სერიოზული აფეთქებებია კოვიდ-კუთხით. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, როცა ინგლისში გავემგზავრებით, რადგან რეგულაციები მკაცრად იქნება დაცული, გარდა ამისა, ვიქნებით ერთად, ჩაკეტილები. იმედია არ მოხდება მოთამაშეების ინფიცირება, რადგან თუ ეს მოხდა, სერიოზული პრობლემა შეგვექმნება.

შემოდგომის ერთა თასი ახლოვდება და ბორჯღალოსნებიც მზადებას აგრძელებენ. შეძლებენ თუ არა მატჩებისთვის სრულფასოვნად მომზადებას ლეგიონერები, რომლებიც უცხოურ კლუბებში თამაშობენ? გამოუშვებენ თუ არა მათ კლუბები ისეთ დროს, რომ ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნას და როდიდან დაიწყება შეკრება?

ეს ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ვსაუბრობთ მუდმივ პრობლემაზე. მუდმივად გამოწვევა იყო ეს ჩვენთვის,რადგან ნაკრების შემადგენლობის 50%-ზე მეტს ლეგიონერები წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რაგბისგან სანაკრებო ფანჯარაა გამოყოფილი და კლუბებს არ აქვთ უფლება მოთამაშები არ გამოუშვან, ახლაც შეგვექმნა ეს პრობლემა, შოტლანდიასთან მატჩისათვის მზადების პროცესში. მე მესმის კლუბების, მათ სჭირდებათ მოთამაშეები, მით უმეტეს ახლა, როცა გუნდებში აფეთქებები ხდება და კოვიდ-ინფექციის გამო ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე შეიძლება კლუბს დააკლდეს, შეიძლება სანაკრებო ვარჯიშისას მოთამაშემ ტრავმა მიიღოს, ამდენი ხნის უთამაშებლობის ფონზე ამის რისკი უფრო მაღლდება, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ მსოფლიო რაგბის ფანჯარას კლუბებთან ურთიერთობაში და სერიოზული პრობლემები ამ კუთხით არ ყოფილა. ჩვენ ლონდონში ერთი კვირით ადრე შევიკრიბებით ინგლისთან თამაშამდე. რასაკვირველია, რეგულაციების თანახმად მოგვიწევს შეკრება რთულ პირობებში, თუმცა რაცაა ესაა, ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ.

ჩვენი გუნდი „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „დიდ რვიანსაც“ უწოდებენ. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის (14 ნოემბერს), უელსის (21 ნოემბერს) და ირლანდიის (29 ნოემბერს) ნაკრებებს შევხვდებით. რას ელით პირადად თქვენ ამ თამაშებისგან, შევძლებთ თუ არა გარკვეული პროგრესის განცდას და იმის ჩვენებას, რომ საქართველოს ნაკრები ამ ტურნირში მიწვევას იმსახურებდა? შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში გარკვეულწილად სვამდნენ ამ შეკითხვას, ამბობდნენ, რომ მართალია შოტლანდიასტან მოგების ამბიცია ამ ეტაპზე არ იყო, მაგრამ 20 ქულით და 40 ქულით წაგება ერთმანეთისგან განსხვავდება…

ამ ტურნირზე იმისთვის ვართ, რომ თვისობრივად თამაშიდან თამაშამდე უკეთესი გუნდი გავხდეთ, გავიზარდოთ და ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირის შემდეგ სულ სხვა გუნდი ვიქნებით. სწორედ ამ მატჩების შედეგად პროგრესირება არის მთავარი გამოწვევა ბიჭებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც. რასაკვირველია, კრიტიკოსები სულ იყვნენ და იქნებიან, თუმცა ჩვენ მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას მივიღებთ, შეურაცხმყოფელი კრიტიკისგან კი ყველას თავის შეკავებას ვურჩევ. ჩემთვის საკითხი ასე არ დგას, მე ანგარიშის მიხედვით არ აღვიქვამ ვიმსახურებთ თუ არა ტურნირზე ყოფნას. 20 წელია იტალია „ექვს ერშია“ და ჯერაც ვერ დაუმტკიცებია არის თუ არა იქ თამაშის ღირსი, ბოლო თამაშიც ირლანდიასთან 50 ქულის სხვაობით წააგეს. ეს ეხება არა მხოლოდ იტალიას, ეს გუნდები ერთმანეთში აგებენ ასეთი ანგარიშებით, ამიტომ ასე ვერ შევხედავთ, რომ ვიღაც თუ 50 ქულით დამარცხდა ის ტურნირზე გამოსვლის ღირსი არ იყო. ანგარიში ვერ ასახავს ჩვენს თუნდაც შოტლანდიასთან თამაშს, ეს პროცესია და იმით ხელმძღვანელობა, რომ ჩვენ თუ ვერ დავდებთ შესაბამის ანგარიშებს ვერ დავუმტკიცებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ამ ტურნირს ვიმსახურებთ… მე საკითხს ასე არ დავაყენებდი. ერთი გამარჯვების შემთხვევაშიც მე არანაირი ილუზია არ მაქვს იმაზე, რომ „ექვსი ერის“ წარმომადგენლები შეიცვლიან აზრს და ტურნირზე საქართველოს დაამატებენ. ეს ამოცანა ჩვენს წინაშე არ დგას. ჩვენი ამოცანაა უფრო მეტად ვირწმუნოთ საკუთარი ძალების, უფრო გავიზარდოთ თამაშიდან თამაშამდე ტექნიკურადაც, ფიზიკურადაც, მენტალურადაც. სულ სხვა დონეზე უნდა ავიყვანოთ დისციპლინა და რუტინა და მჯერა, ტურნირის ბოლოს სულ სხვა გუნდი ვიქნებით. რასაკვირველია ამ პროცესში თუ შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ კონკურენტუნარიანები ვართ კარგი იქნება. ზუსტად ვიცი, რომ ყველა ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანოს ქართული რაგბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g