ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურას ირაკლი კობახიძის გამოკითხვას სთხოვს, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პირადად გაეცნო საქმეს, რომელსაც გრიფით საიდუმლო ედო.
სამუშია გენერალურ პროკურატურას სთხოვს, დაუსვას კითხვები, თუ საიდან, ვინ მისცა მას საქმის მასალები გასაცნობად. მისივე თქმით, გენერალურმა პროკურორმა პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს საქმე.
„პროკურატურისგან ვითხოვთ, რომ დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს. კანონის რელსებზე გადავიდეს და ნუ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. გუშინ პროკურატურამ ჩვენს საპასუხოდ, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ თითქოს მათ „კაბელების საქმეზე“ გაავრცელეს საქმის მასალები იმ დოზით, რომ შეიძლებოდა დაინტერესებულ მხარეებს მიეღოთ ინფორმაცია. თქვენ ხედავთ საქმის მასალებს რა რაოდენობაა. ეს არის საქმის მასალების დაახლოებით 70 პროცენტი, 6 ტომზეა საუბარი. პროკურატურამ გაავრცელა ამის 0,01 პროცენტი და თურმე კობახიძე გაეცნო სრულყოფილად და დაასკვნა, რომ ეს ხალხი იყო დამნაშავე,“ – განაცხადა სამუშიამ.