LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან სანიკიძე: „ივანიშვილი სრულ ისტერიკაშია… 26 ოქტომბრის საღამოს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება“

125
ლევან სანიკიძე

ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას და Atlantic Council-ის ოფისში პოლიციის ჩხრეკას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი ლევან სანიკიძე ეხმიანება.

„ოჯახიდან ყველა დივაისი მიაქვთ. ბავშვის ლეპტოპიც“ – ამერიკული კვლევითი ცენტრის თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

სანიკიძის განცხადებით, „არჩევნებამდე ორი დღით ადრე მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულ ისტერიკაშია“.

„არჩევნებამდე ზუსტად 2 დღით ადრე, მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთზე – ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში. ჩვენ გუშინ ვნახეთ თავისუფლების მოედანზე მისი მონური მოწოდებები, ამის ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება 26 ოქტომბრის საღამოს 20:00 საათზე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება. იქ, სადაც არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც შიშზე, რეპრესიებსა და ამ ქვეყნის მომავლის წართმევაზე და მტრისთვის ბოდიშის მოხდაზე არიან ორიენტირებული.

ნამდვილად არ არის გასაკვირი, რასაც აკეთებენ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მათ შორის დაგვიანებულია და მათი მისია ამ ქვეყნის გარუსების შესახებ არ შესრულდება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისათვის, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. ასევე პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა Atlantic Council-ის ოფისში. პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეუღლის ოფისში Atlantic Council, სავარაუდოდ უკავშირდება ამავე კომპანიის საქმიანობას.

განცხადებას ავრცელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც – როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები“.

„მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან“.

ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები