LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძის სკოლაში სტიპენდიის მოპოვება მხოლოდ ბიჭებს შეუძლიათ

116

საქართველოს სახალხო დამცველმა სკოლის მიერ სტიპენდიის გაცემის წესი სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია.

საქმე ეხება ლევან ვასაძის სასწავლებელს, რომელმაც მე –8 კლასში გადამსვლელი მოსწავლეებიდან, სტიპენდიები მხოლოდ ბიჭებისთვის დააწესა.

აღსანიშნავია, რომ სასწავლებლის არგუმენტით ეს სქესთა შორის ბალანსის დაცვას ემსახურებოდა, რადგან მე–8 კლასში მყოფი ვაჟისთვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტი აღმოფხვრილიყო.

სახალხო დამცველმა კი ეს გენდერული სტერეოტიპის კვლავწარმოებად და გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნად შეაფასა.

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა” აუცილებელია, სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეიმუშაოს სპეციალური დებულება სტიპენდიის მიღების წესისა და მიმღებ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.

“იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა 2017-2018 წლისთვის დააწესა სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის. აღნიშნული სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა კი არ აქვთ მე-8 კლასში გადამსვლელ გოგონებს.

სასტიპენდიო პროგრამის დანიშვნა, რომელიც სასწავლებლის არგუმენტით, ემსახურებოდა სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და მე-8 კლასში მყოფი ვაჟისათვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას, თავისთავად წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპის კვლავწარმოებას და ხელს უწყობს გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას.

საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას თანაბარი პირობები დაფინანსების პროცესში, ხოლო გამონაკლისად, სტიპენდიის დაწესების დროს დაასაბუთოს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული პირი ან პირთა ჯგუფი არის ეკონომიკური/სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით დაუცველი ან/და სხვაგვარად დისკრიმინირებულია, ხოლო მეორე მხრივ, თუ რა შედეგი იქნება მიღწეული დროებითი ღონისძიების გამოყენების შედეგად და როგორ დაეხმარება სტიპენდია სამიზნე ჯგუფს.

სახალხო დამცველი მიესალმება საგანმანათლებლო დაწესებულებების სურვილს ფინანსურად დაეხმაროს და წაახალისოს მოსწავლეები, თუმცა, აუცილებელია არსებობდეს ნათლად გაწერილი შეფასების კრიტერიუმი თუ ვისთვის უნდა გამოიყოს სტიპენდია, რათა პრაქტიკამ არ გამოიწვიოს რომელიმე ჯგუფის არახელსაყრელ, არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება და გაუმართლებლად არ გამოირიცხოს საჭიროების მქონე სხვა პირები დაფინანსების მიმღებ პირთა წრიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოზიტიური ღონისძიებების განხორციელება, რიგ შემთხვევებში, შეიძლება უთანასწორობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდეს, თუმცა მსგავსი ზომები უნდა გატარდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტის გათვალისწინებით და არ იწვევდეს სხვათა თანასწორობის უფლების შელახვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები