ფოტოგრაფი მარი ნაკანი-მამასახლისი აქვეყნებს ერთ-ერთ ბოლო ფოტოს, რომელიც მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ჟურნალ “სითისთვის” გადაუღო და აღწერს გადაღებების პროცესს და იმას, როგორ ენატრებოდა მსახიობს კინოში გადაღება…
გთავაზობთ სტატუსს:
“როდესაც ეკა ხოფერიამ მითხრა, რომ ლიკა ქავჟარაძე უნდა გადამეღო, შიშმა ამიტანა, ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო ჩემთვის.
როგორც იტალიელებს ჰყავთ მონიკა, ფრანგებს – კატრინ დენევი და გერმანელებს რომი შნაიდერი, ისეა ქართველებისთვის ლიკა ქავჟარაძე. იგი ქართული სილამაზის – შეუდარებელი ეტალონი იყო, არის და იქნება. ამას მკვეთრად ვაცნობიერებდი და მორალურად ვემზადებოდი.
როცა მოვიდა, მოწყენილი იყო, ხმას საერთოდ არ იღებდა.
მე კი მინდოდა თავი დედოფლად ეგრძნო, ეგრძნო, როგორ უყვარს მთელ ქვეყანას, ეგრძნო რომ ვარდია ხელუხლებელი, ეგრძნო რომ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მოწიწებით ვექცეოდი, ფრთხილად ვუღებდი, ვეჩურჩულებოდი თითქმის. ეს მისდამი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მალაპარაკებდა ჩუმად. ყველამ იცის როგორი ვარ გადასაღებ მოედანზე, ერთხელ ვინც დასწრებია ჩემ გადაღებებს იცის რა მკაცრიც ვარ, როგორ ამყავს კონტროლზე მოდელები, როგორ მეცვლება ხმის ტემბრი და ვხდები ცივი და საშიში, მაგრამ აქ, ვერ გავბედე, დავპატარავდი, ხმა გამიქრა და ჩუმად ვიღებდი. ჩემს წინაშე ქალღმერთი იდგა, ეს ლიკა იყო ქავჟარაძე – აი, ის გოგო ვირზე რო შემოსვა საზოგადოებამ, ტალახს რო ასხავდა წვიმაში და მაინც უღმერთოდ ლამაზი რომ იყო. ეს ის ლიკა იყო, გვირილებში რო დარბოდა კახი კავსაძესთან ერთად, პეპლების საჭერით, დაუვიწყარი ღიმილით რო იღიმოდა ეკრანებიდან, ეს ის ლიკაა, მდინარეში კაბით და ნაწნავით რო დგას და აუტანლად ლამაზი სხეულით რო ცეკვავს, ეს ის ლიკაა – მარიტა! მეუბნებოდა ჩემი ტვინ, როცა კამერაში მასზე ფოკუსს ვასწორებდი.
ლიკამ ალბათ იგრძნო ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, ნელ-ნელა ხასიათზე მოვიდა, სიცილი დაიწყო, მიყურებდა და იპრანჭებოდა, აკეკლუცდა, გაიხსნა!
ერთ-ერთი კაბის ჩაცმისას მოულოდნელოდ შემოტრიალდა და მითხრა:
– მარი, მადლობა. იცი მივხვდი, რომ ძალიან მომნატრებია გადაღება. მომინდა, რომ ვინმე რეჟისორმა კინოში გადამიღოს. არ იღებენ ეხლა ფილმებს?
მკითხა და გადაიხარხარა.
არასოდეს დამავიწყდება ეს სიცილი.
ჩემს წინ მზე იდგა და ფართო სპექტრის სინათლეს ასხივებდა.
მე და ეკამ ერთმანეთს გადავხედეთ, მივხვდით, რომ ლიკას არავინ ეძახდა კინოგადაღებებზე, მივხვდით, რაც იყო მისი სევდიანობის მიზეზი, ჩუმად ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად ჩვენ გვრცხვენოდა…
სამწუხაროდ, ეს ლიკას ცხოვრებაში მისი უკანასკნელი გადაღება იყო”.