ომარ ქაფიაშვილის დედა, ლილი მინდიკაური ჩანაწერის ნახვის შემდეგ დარწმუნდა, რომ მისი შვილისა და შვილიშვილის მკვლელი, რძალი, მაგდა პაპიძეა, ამის შესახებ მინდიკაურმა „ნანუკას შოუში“ განაცხადა.
მისი თქმით, გავრცელდა ჭორი, პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და მასთან ერთად აპირებდა გაქცევას, ქმრის მოკვლაც, მისი ვარაუდით, ამიტომ გადაწყვიტა.
“კიდევ დავუშვებ იმას, რომ ქალია, რაღაც მოხდა და შეეშინდა – მე რომ გავიქცე, საყვარელი რომ გამიგოს, რამე მოხდესო და გაწირა ჩემი შვილი, მაგრამ თავისი შვილი როგორ გაწირა არ ვიცი. რატომ?! რისთვის?! ჩანაწერი რომ ვნახე, ეჭვიც არ გამჩენია, რომ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი”, – განაცხადა ლილი მინდიკაურმა.
რაც შეეხება მაგდა პაპიძის ჩანაწერს, სადაც იგი უროზე, შავ ცელოფნის პარკებზე, ტოლჩასა და სხვა ნივთებზე წერდა, მინდიკაური ამბობს რომ ეს არ იყო დღიური და პაპიძეს ჩვევად ჰქონდა,ხარჯთაღრიცხვა ეწარმოებინა ხოლმე რვეულში.
ომარ ქაფიაშვილის დედა რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს.
“ძალიან ყურადღებიანი ცოლი იყო ქმართან მიმართებაში. ჩემი გადასახედიდან ასე იყო. თორნიკე 2 წლის იყო, მაშინ იყო ერთი მომენტი, როდესაც მე გავიგონე ბავშვის განწირული ტირილი და ომარის განწირული ყვირილი – გოგო რას შვრებიო. შევედი და ბავშვს ფეხი ჰქონდა დასისხლიანებული, ომარს კალთაში ეჯდა და მაგდა ბინტით ამშრალებდა. ომარიმ მითხრა – არაფერი არ მომხდარა, ბავშვი წაიქცა და იტკინაო. რამდენიმე წლის შემდეგ ბავშვმა მითხრა, დედიკომ მაკრატელი ჩამარტყაო ფრჩხილებისას დაჭრისას. ომარიმაც დამიდასტურა. დედამისსაც ბოლომდე უყვიროდა ხოლმე, როდესაც ტლეფონზე ან “სკაიპში” ელაპარაკებოდა. ბევრი რამე არ მომწონდა, მაგრამ ამას ჩემი შვილის გამო ვთმობდი. მეხვეწებოდა, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო”, – განაცხადა მინდიკაურმა.
მაგდა პაპიძის დის, ლანას განცხადება კი, რომ ომარი დედას სცემდა, მინდიკაურმა არ დაადასტურა.
“ეს არის სრული სიცრუე. ლანას ვერ წარმოუდგენია ალბათ დედა-შვილური სიყვარული. მისი ოჯახი ცხოვრობდა 4 წელი აქ, მეორე სართულზე. ლანამ დედამისი სცემა ისე, რომ მეორე სართულიდან გადმოგდებას უპირებდა. პატრულიც ჩაერია”, – აღნიშნა ქაფიაშვილის დედამ.
ამასთან, ლილი მინდიკაური ფიქრობს, რომ მისი რძალი ქმრისგან არ იყო ორსულად, „რადგან როგორც თვითონვე ამბობს, ბოლო პერიოდში ურთიერთობა არ ჰქონდათ”.
პაპიძის დედამთილი სასამართლო პროცესს დაესწრება.
“მინდა ძალიან თვალებში ჩავხედო ჩემ ყოფილ რძალს და მიპასუხოს რატომ, რისთვის გააკეთა ეს ყველაფერი?! უღირდა ამის გაკეთება?!”, – ამბობს მინდიკაური.