ინგლისის პრემიერლიგის მთავარ მატჩში კრიზისში მყოფმა „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში დასაწყისშივე გახსნა, საბოლოოდ კიდევ ერთხელ წააგო. უკვე მე-4 წუთზე რამირესმა წინ გაიყვანა მასპინძლები, ტაიმი ასევე მთავრდებოდა, ჟოზე მოურინიო უკვე გასახდელის გზას დაადგა, როდესაც კოუტინიომ საჯარიმოს მისადგომებთან მეურვე მოიცილა და მოჭრილი დარტყმით კუთხეში ლამაზად შეაგდო.
თანაბრად მიმდინარე მეორე ტაიმში გადამწყვეტი ბენტეკეს შემოსვლა გახდა. მისი პასით კოუტინიომ დააწინაურა „ლივერპული“ (74 წთ), შემდეგ კი თავად გაიტანა, როდესაც ლონდონელთა ცენტრალური მცველები ტერი და კეჰილი უსაქმოდ დატოვა – 1:3.
მოკლედ, „ჩელსიმ“ ისევ წააგო და მოურინიომ კრიტიკოსებს სალაპარაკო მისცა. სხვათა შორის, თამაშამდე თავადაც ლაპარაკობდა და თქვა, რომ მწვრთნელობა ერთადერთი პროფესიაა, როდესაც გარშემომყოფებს შენი გაგდება უხარიათო. შესაძლოა უახლოეს წუთებშიც კი გადაწყდეს გაახარებს თუ არა იგი გარშემომყოფებს.
როცა ჟოზემ ეს თქვა ბრენდან როჯერსიც ახსენა, კაცმა ლამის პრემიერლიგა მოიგო, წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მერე კიდევ გააგდეს და სხვები კი სიამოვნებისგან არიან აღელევებულებიო. ჩვენ კი როჯერსი იმიტომ ვახსენეთ, რომ ბედიის ირონიით არ არის გამორიცხული როჯერსი სწორედ მოურინიოს ადგილზე მივიდეს, ყოველ შემთხვევაში ასე დაწერეს ალბიონზე მყოფმა ჩვენმა კოლეგებმა.
ვერ ვიტან, როდესაც ადამიანები სამსახურს კარგავენ – ესეც განსაკუთრებული ჟოზეს ნათქვამია და თუ ვინიცობაა მან „არისტოკრატებში“ სამსახური დაკარგა, სხვა კარგი სამსახურის გარეშე მას არავინ დატოვებს.