“სამწუხაროდ, მაქვს შინაგანი რწმენა, რომ საქართველოში ხორციელდება უკანონო მიყურადება და თვალთვალი პირად ცხოვრებაზე”, – ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.
მისი თქმით, ასეთი ფაქტები მკაცრი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს:
“ავთენტურობაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, როგორც მედიით ასევე ჩვენთან ცალკეული განმცხადებლები საუბრობენ ამ თემებზე. პირადად მე ნაკლებად მაქვს შეკითხვები, ხომ არ არის მსგავსი ფაქტები გაყალბებული. სამწუხაროდ, მაქვს შინაგანი რწმენა, რომ საქართველოში ხორციელდება უკანონო მიყურადება და თვალთვალი პირად ცხოვრებაზე. მიუხედავად მისი სტატუსისა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მისი პირადი ცხოვრება იყოს დაცული. არავის აქვს უფლება, ეს ინფორმაცია შეაგროვოს და ვინმეს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ამ ფაქტების შესწავლით დავინტერესდით. ასეთი ფაქტები არ უნდა დარჩეს მკაცრი რეაგირების გარეშე.” – თქვა ლომჯარიამ.
მისივე განცხადებით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისას მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული პირის პერსონალური მონაცემები.
“ასეთი ინფორმაციის გავრცელებისას მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული პირის პერსონალური მონაცემები. ის ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას, უნდა იყოს დაფარული. ეს არის ძალიან პერსონალური მონაცემი და მისი გაშუქების დროს მედიამ უნდა დაიცვას სტანდარტი. თუ ეს ასე არაა, ეს არის დარღვევა. მედიას მოვუწოდებ, ასეთი რამ თუ ხდება, არ დაუშვან და მკაცრად გააკონტროლონ, რაც პირის ინდენტიფიკაციას მოახდენს. თუმცა, ვფიქრობ, ამაზე მსჯელობა არის მედიის მოვალეობა და მათ უნდა გააშუქოს ასეთი ფაქტები”, – განაცხადა სახლახო დამცველმა.
შეგახსენებთ, ინტერნეტში სასულიერო პირებს სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა.