LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორენ ჰილმა მაყურებელი გადარია – კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

126

ამერიკელი მომღერალი, რეპერი, მსახიობი ლორენ ჰილი, თავის ბრწყინვალე ბენდთან ერთად ბათუმში გუშინ საღამოს ჩამოფრინდა. “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში, ჯაზფესტივალის რიგით მესამე ღონისძიებაზე, ჩოგბურთის კორტებზე, ნემსის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვიდით. ლორენ ჰილის მუსიკას, რისთვისაც შემსრულებელს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 6 “გრემი”, საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ჯგუფ “Fugees”-იდან მოყოლებული, ჰილის მუსიკა საინტერესო ტრანსფორმაციას განიცდის, თუმცა მისთვის ნაცნობ და მისაღებ ჟანრებში, იქნება ეს რიტმ ენდ ბლუზი, სოული, ჰიპ-ჰოპი თუ რეგეი. გამორჩეული ხელწერის მუსიკოსს, მისი ხმის ტემბრიდან გამომდინარე, ყოველთვის იცნობთ…

ჯაზფესტივალის სტუმრებმა წინასწარ იცოდნენ, რა დონის შემსრულებელთან ექნებოდათ შეხება, თუმცა ნანახმა და მოსმენილმა ყოველგვარი მოლოდინი გააცამტვერა.

პირველი 20 წუთის განმავლობაში, ჰილის დიჯეი, ეტაპობრივად გვამზადებდა და ასე ვთქვათ, გვახურებდა დიდი მუსიკალური ბედნიერების შესახვედრად. როგორც იქნა, დადგა ის მომენტიც და სცენაზე, მისთვის დამახასიათებელი სიჭრელით, გიტარითა და სათვალეებით, ლორენ ჰილი წარდგა.

13775860_1181435735240752_3600981666463537647_nროდესაც ასეთი ტიპის არტისტს ხვდები, რომელსაც ზურგს უკან პერფორმერობის წლობით დაგროვილი გამოცდილება უდგას, უდიდესი სიამოვნების მისაღებად წინასწარ ხარ განწყობილი. ასეთ არტისტებს ყოველთვის მსმენელის პულსზე უჭირავთ თითი და ზუსტად იციან, როგორ უნდა იმოქმედონ მასზე. შედეგად ვიღებთ უდიდეს ტალანტსა და მუსიკალურობასთან შეზავებულ ქარიზმას, რომელიც ყველა ადამიანზე მოქმედებს…

სწორედ ამიტომ არ დარჩენილა დარბაზში არავინ, ვინც მის ლორენ ჰილის მუსიკაზე არ აცეკვდა.
პირველი ნაწილი ერთგვარი შესავალი იყო, გიტარის თანხლებით შესრულებული კომპოზიციები…

მეორე ნაწილში კი ლორენ ჰილი მიკროფონთან დადგა და სცენიდან ჰიტების კასკადი წამოიღო. სრული სიურპრიზი იყო შადეს რამდენიმე სიმღერის, მაგალითად “Your love is king”-ის შესრულება, ასევე ბობ მარლის “Jammin”, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტირებით შესრულდა, რომ არაფერი ვთქვათ, ნინა სიმონეს შედევრზე “Feeling good”…

უნდა ითქვას, რომ არანჟირება სიმღერებისა, რომლებიც მის ყველაზე ცნობილ ალბომშია შესული, უფრო რიტმული და განსხვავებული იყო ჩანაწერისგან და რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ჰილი რეჩიტატივის დედოფალია და ეს ლაივშესრულებაში კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა. აღარაფერს ვიტყვით მის ვოკალურ შესაძლებლობებზე, რომლებიც, უბრალოდ, ჯადოსნურია.

კონცერტი დასრულდა ჰიტით “That thing”, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს ალბომი მუსიკალური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილია, თავად ლორენ ჰილი კი მისი მარგალიტი.

მომღერალმა ბათუმით თავადაც ძალიან ისიამოვნა, კმაყოფილი დარჩა პუბლიკითა და მასპინძლობით, რომელიც “ისტერნ პრომოუშენსმა” გაუწია. ის დღეს მიემგზავრება საქართველოდან. ჯაზფესტივალი კი 21 ივლისს, ” პროდიჯის” პერფორმანსით განახლდება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g