ნიდერლანდებში ჩატარებულმა Mosquito Magnet-ის კვლევამ აჩვენა, რომ კოღოებს უფრო იზიდავენ ისინი, ვინც ლუდი დალია – ასეთი ადამიანები მათთვის ზედმეტად მიმზიდველნი არიან. სიახლის შესახებ Forbes წერს.
ნეიმეგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალის მაყურებლებს შორის 465 მოხალისე შეარჩიეს. ექსპერიმენტისთვის გამოყენებული იქნა 1700 მშიერი კოღო, რომლებიც ლაბორატორიაში იყვნენ გამოყვანილნი. მათი ტრანსპორტირებისთვის სპეციალური საკვლევი კონტეინერები გამოიყენეს.
შემდეგ მოხალისეები და კოღოები ერთ სივრცეში მოახვედრეს.
ექსპერიმენტის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა – კოღოები დაახლოებით ერთ-ნახევარჯერ უფრო ხშირად ირჩევდნენ მათ, ვინც ბოლო 12 საათში ლუდი მიირთვა. დილის შხაპზე უარი და მზისგან დამცავი კრემის გამოყენება კი, პირიქით, მწერებისთვის ადამიანების მიმზიდველობას ამცირებდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ კოღოების მიერ მიყენებული ზიანი აღწერილი იყო ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს წერილში. დღეს კი ყველასთვის ცნობილია, რომ კოღოები პათოგენების გადამტანები არიან, თუმცა კვლავ საიდუმლოდ რჩება, რატომ კბენენ ისინი ზოგიერთ ადამიანს გაცილებით უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს.
მეცნიერები აპირებენ კვლევის გაგრძელებას, რათა უკეთ გაიგონ ეს მექანიზმი. იმ ფაქტორების ცოდნამ, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის მიმზიდველობას კოღოებისთვის, შესაძლოა გააუმჯობესოს პრევენცია მაღალი რისკის მქონე რეგიონებში. გარდა ამისა, ის ადამიანები, ვინც გაიგებენ ამ მიმზიდველობის პრინციპს, თავადაც შეძლებენ საკუთარი ქცევით შეამცირონ ნაკბენის ალბათობა – მაგალითად, თავი შეიკავონ ლუდის სმისგან ან გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი.