ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, მას სისხლისსამართლებრივ დევნაზე უვადო იმუნიტეტი ექნება.
დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა და მისმა ოჯახის წევრებმა არ შეიძლება პასუხი აგონ ისეთ ქმედებებზე, რომელიც „საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება“.
თეორიულად, კანონი ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტსა და მათ ოჯახის წევრებს ეხებათ.
გამოცემა „გარდიანი“ წერს: „როგორც ჩანს, ახალი პროექტი მიზნად ისახავს ლუკაშენკოს ძალაუფლების შემდგომ გაძლიერებას და პოტენციური კონკურენტების მოშორებას ქვეყნის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2025 წელს უნდა ჩატარდეს“.
ამასთან, გამოცემის ცნობით, მოთხოვნები მკაცრდება პრეზიდენტობის კანდიდატებისთვისაც. კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ და სხვაგან ბინადრობის უფლება არასდროს ჰქონიათ.
საერთაშორისო მედია მიუთითებს, რომ ფაქტობრივად, ამით არჩევნებში მონაწილეობა ერთმევათ იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ.