ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის და „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების დასანქცირებაა მოთხოვნილი, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „პარადოქსია, რომ რუსეთთან ოკუპაციას ვებრძვით და ახლა ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან სანქციებს ველოდებით“.
„ევროპული ღირებულება და ევროპული მეგობრობა გვინდა, ისინი კი, სანქციებით გვემუქრებიან. მათი არავის ეშინია, მაგრამ სულ მცირე უსამართლობაა, როცა ჩვენ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ და ისინი სანქციებით იმუქრებიან.
სანქციებით ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველოს, ფაქტობრივად, ავტორიტარული რეჟიმი ჩამოაცილა და სხვაგან ბიზნესით ნაშოვნი ფული საქართველოში ქველმოქმედებაში მილიონობით ფული დახარჯა. სწორედ ეს არის უსამართლობა, რასაც ქართული საზოგადოება გმობს.
შეზღუდულ სუვერენიტეტს ფოტიგასა და კუბილიუსის სანქციები მირჩევნია. თუ მათ ჰგონიათ, რომ საქართველოში ადამიანს ნახავენ, ვინც შეზღუდული სუვერენიტეტის ხარჯზე მოითხოვს, რომ ფოტიგამ და კუბილიუსმა არ დაასანქცირონ, ცდებიან. ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვაზე დავთანხმდე. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები ფაქტობრივად ამოქმედებული იყო, მაგრამ ეს ადამიანი კი არ გატეხეს, პირიქით, საქართველოს სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად უფრო პოზიციონირებდა და ამას ყველა 29 აპრილს იხილავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.