შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელმა გონება დაკარგა და იხრჩობოდა. ის ჯანომ გადაარჩინა.
საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევის თამაში წააგო შვეიცარიასთან, თუმცა ანგარიშს შესაძლოა აზრი დაკარგვოდა.
25-ე წუთზე სტუმართა მცველი ფაბიან შერი „უფას“ ფეხბურთელ ჯიმი ტაბიძეს შეეჯახა, გაზონზე დაეცა და გონება დაკარგა.
შერის ენა ჩაუვარდა, მაგრამ იქვე აღმოჩნდა ჯანო ანანიძე, რომელიც უცებ გაერკვა მომხდარში: მეტოქეს პირი გაუღო და სასუნთქი გზები გაუხსნა. შემდეგ უკვე ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება. ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა მატჩი მაინც ჩაამთავრა.
„ვერაფერს ვიხსენებ, – თქვა მატჩის შემდეგ შერიმ, – რამდენიმე წამი უგონოდ ვიყავი, დისკომფორტს განვიცდი“.
შვეიცარიის ნაკრების პრეს-ატაშე მარკო ფონ ახი:
„შერი წესრიგშია. მას არ ქონია უკან გზაზე ფრენისას პრობლემები. ჩვეულებრივ ივარჯიშა სხვებთან ერთად.
აღნიშნა თუ არა ჩვენმა დელეგაციამ ანანიძის ქმედება? რა თქმა უნდა. ჩვენმა ექიმმა მას აცნობა, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა. კიდევ ერთხელ მადლობა ჯანოს, რომ დარწმუნდა, რომ ფაბიანი არ დაიხრჩობოდა ენის ჩაყლაპვის გამო. ჯანომ ძალიან სწრაფად იმოქმედა.
როდესაც საქართველო და შვეიცარია განმეორებით მატჩს ითამაშებენ, კიდევ ერთხელ დავრწუნდებით, რომ საქართველოს ფედერაციამ ჩვენი მადლიერება მიიღოს.“
შვეიცარიამ 2:0 მოიგო. ფაბიან შერიმ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
2014 წელს ჯაბა კანკავამ მსგავსი დახმარება გაუწია ოლეგ გუსევს უკრაინის ჩემპიონატის შეხვედრაში „დნიპროსა“ და კიევის „დინამოს“ შორის.