საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს, „რომელიც ჩართული იყო „ნაცმოძრაობის“ გეგმის გამოვლენაში და მორიგი პროვოკაციის პრევენციის საქმეში“ მადლობას უხდის.
მისივე განმარტებით, „დღეს სახელმწიფო და ყველა ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზეა და აკონტროლებენ სრულად სიტუაციას და არც ერთ დესტრუქციულ ძალას, არც ერთ რადიკალს არ მიეცემა უფლება, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანონ“.
სუს-ი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს
„დღეს ჩვენ ყველამ კიდევ ერთხელ ვიხილეთ დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ გეგმავდნენ ქვეყანაში არეულობას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მინდა ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, არის ის, რომ მისი მიზანი იყო არეულობა ქვეყანაში. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის, სიტუაციის არევა და რევოლუციის მოხდენა იყო. მას შემდეგ, რაც ეს მიზანი განუხორციელებელი დარჩა იმიტომ, რომ სააკაშვილი ციხეში აღმოჩნდა, ამის შემდეგ მათ ბუნებრივია ამ გეგმის დამუშავება დაიწყეს.
სწორედ ამ საკითხზე ვლაპარაკობდი მე გუშინ და ამაზე საუბრობდნენ ჩვენი გუნდის წევრები, რომ მათი რეალური მიზანი სწორედ ის იყო, რომ რაიმენაირად მომხდარიყო სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, რათა სწორედ ის გეგმა განხორციელებულიყო, რაზეც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ გეგმის გამოვლენაში და ამ მორიგი პროვოკაციის პრევენციის საქმეში. სრული პასუხისმგებლობით მინდა ერთ რამ ვთქვა: დღეს სახელმწიფო და ყველა ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზეა. ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას და არც ერთ დესტრუქციულ ძალას, არც ერთ რადიკალს არ მივცემთ უფლებას, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.