სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით.
როგორც ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, აღნიშნული ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების, სხვადასხვა საშუალებებით ბლოკირებას.
„მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებების განხორციელებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით სუს-მა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს“, – აღნიშნავენ სუს-ში.
ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იყვნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.
„სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება, პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი.
უწყება განცხადებას თან ურთავს აუდიო მტკიცებულების ნაწილს, რომელიც, მათი თქმით, მოპოვებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე. უწყების ცნობით, საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ჩანაწერი ორსაათიანია და თან დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.