LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის რკინიგზის მუზეუმი – რეპორტაჟი ესპანეთის დედაქალაქიდან

51

ესპანეთი თავისი რკინიგზით ამაყობს და სრულიად დამსახურებულადაც. ადგილობრივები სწრაფი მატარებლით AVE-თი მგზავრობას ერთ-ერთ ღირშესანიშნაობადაც კი მიიჩნევენ და ქვეყნის სტუმრებს ურჩევენ იქაური რკინიგზით Renfe-თი ისარგებლონ. შარშან თავადაც მომიწია ამ საოცარი ტრანსპორტით მგზავრობა, როდესაც მადრიდსა და სევილიას შორის 550 კმ-იანი დისტანცია მატარებელმა 2 საათში დაფარა და მგზავრობაც ერთობ კომფორტული და სასიამოვნო გახლდათ. ცალკე აღნიშვნის ღირსია და ვერაფრით ავუვლით გვერდს ატოჩას რკინიგზის სადგურს, რომელიც მართლაც საოცარი რამაა და თავისი იშვიათი ხელწერა აქვს – სადგურის ინტერიერში ნამდვილი ჯუნგლებია მოწყობილი და ეს ულამაზესი სიმწვანე (უზარმაზარი კუებით პატარა წყალში) წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს (იმედია ფოტოები გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით).

ესპანეთის რკინიგზის თანამედროვე მიღწევები ისე ვერ მოვიდოდა, შესაბამისი ისტორია რომ არ უმაგრებდეს ზურგს. ამის დასტურად მადრიდში, ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს რკინიგზის მუზეუმი (Museo del Ferrocarril de Madrid), რომელიც ძველ სადგურშია განთავსებული და უძველეს ლოკომოტივებს და ვაგონებს მოიცავს. მართალია ეს სპეციფიური მუზეუმია და შესაბამისი ინტერესი უნდა ქონდეს ადამიანს, მაგრამ ნახვად მაინც ღირს. თუნდაც იმ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, თუ როგორი ვაგონებით და კომფორტით დადიოდნენ ათეულობით წლების წინ. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ამ ძველ მატარებელში სკამებს შორის უფრო დიდი სივრცე აღმოჩნდა, ვიდრე თუნდაც 21-ე საუკუნის თვითმფრინავებში.
აქ იხილავთ ვაგონების ინტერიერსაც და სავარაუდოდ ფილმებში ნანახ სურათს მიამსგავსებთ (მაგალითად, ერკიულ პუარო რომ დადიოდა იმას). საინტერესოა უშუალოდ ძველი ლოკომოტივების ნახვაც, ასევე წარმოდგენილი მაკეტების, მოდელების, ატრიბუტების, აფიშების, რკინიგზის მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების ხილვა. იქვე ინახება ის ორიგინალი საათი, რომელმაც იბერიის ნახევარკუნძულზე პირველმა გაუშვა პირველი მატარებელი სამოგზაუროდ.

მადრიდის რკინიგზის მუზეუმმა პირველი მნახველი 1984 წელს მიიღო. ის დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს და მნახველს ტრანსპორტის განვითარების ევოლუციას უჩვენებს.

მუზეუმი ვიზიტორებს ესპანეთის რკინიგზის 150 წლის ისტორიას მოუთხრობს. მათ შორისაა ის განსხვავებული პირობები, რომლებშიც  ადამიანები სხვადასხვა დროს მგზავრობდნენ. ასევე აღსანიშნავია ცნობილი კაფეტერია, რომელიც ჯერ კიდევ 1930 წლიდან ფუნქციონირებს.

მუზეუმი დამთვალიერებლებს უამრავ გასართობ-შემეცნებით აქტივობას თავაზობს. გამოფენებსა და ღია კარის დღეებს შორის გამორჩეული მადრიდ- არანხუესის რეისია. ის წელიწადში ორჯერ ეწყობა და მგზავრებს საშუალება აქვთ ვინტაჟური მატარებლით წარსულში იმოგზაურონ. ამ რეისს ”მარწყვის მატარებელი” (ერთ-ერთ ფოტოზე, აფიშაზე იხილეთ) ერქვა და დღემდე ამ კენკროვანით უმასპინძლდებიან ხოლმე მგზავრებს.

მუზეუმის მთავარი მიზანი რკინიგზის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფაქტების  ხაზგასმაა. მათ შორისაა – ტრანსპორტისა და დროის კონტროლი, ეკოლოგია თუ ინფრასტრუქტურა.

მუზეუმი რამდენიმე ნაწილისგან შედგება:  1. ცენტრალური ჰოლი – აქ ლოკომოტივები, მატარებლის ვაგონები თუ სხვადასხვა ტექნიკაა განთავსებული; 2. ინფრასტრუქტურის ოთახი – რკინიგზის კონსტრუქციის ბაზისებია ნაჩვენები; 3. სასიგნალო ხიდი; 4. საათების ოთახი – ძველი რკინიგზის საათებით; 5. რკინიგზის ოთახი – რკინიგზის მინიატურული მოდელია ნაჩვენები.

მადრიდი-არანხუესის მანძილი 49 კმ-ს შეადგენდა და მგზავრობას 7 სთ ესაჭიროებოდა. 1851 წელს გაშვებული ახალი რეისით კი მგზავრობის დრო 1.5 საათამდე შემცირდა.

როდესაც ელექტროლოკომოტივი შემოვიდა, ყველაზე ეკოლოგიური ტრანსპორტი ყოფილა. ეს ღირშესანიშნავი მოვლენა 1879 წლით თარიღდება. მაშინ ეს მატარებელი ყველაზე ჩუმი ტრანსპორტი იყო.

ლოკომოტივებს ცნობილი ადამიანების სახელებს არქმევდნენ, მაგალითად სერვანტესის.

იმ დროში შემოღებული დიდ მანძილზე ვაგონების კლასებად დაყოფა დღემდეა შემორჩენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები