მომღერალ ზურა დოიჯაშვილს დღეს 59 წელი შეუსრულდებოდა.
მომღერლის მეუღლე ქეთი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში ზურა დოიჯაშვილის სიტყვებს იხსენებს.
„მაგარია ცხოვრება, ამას ბოლო წამს ხვდები, სიკვდილიც არ არსებობს.
ეს ხომ შენი სიტყვებია – ზურა
დაბადების დღეს გილოცავ.“. – წერს ქეთი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში.
ზურაბ დოიჯაშვილი 1963 წლის 17 აგვისტოს თბილისში, პედაგოგი დედისა და მშენებელი მამის ოჯახში დაიბადა. პროფესიით თავადაც მშენებელი იყო.
დიდი პოპულარობა მოუტანა ზურაბ მანაგაძის სიმღერამ „მელიქიშვილის გამზირი“. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ, აგრეთვე მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, შესრულებული აქვს როლი ქართულ ტელესერიალში „ცხელი ძაღლი“.
2012-2015 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 2018 წელს ფინანსური პრობლემების გამო დოიჯაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.
ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში მას ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მომღერალი თვეების განმავლობაში თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
გარდაიცვალა 2021 წლის 14 თებერვალს თელ-ავივში, ისრაელში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. 22 თებერვალს თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
დარჩა მეუღლე – ქეთი ვადაჭკორია და სამი შვილი.
2020 წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
2021 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ დოიჯაშვილის სახელი ეწოდა.