2017 წლის მაისში, თავის საავტორო კონცერტზე, რომელიც ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა, კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ბინა გადასცა საჩუქრად. მაშინ მაიკოს ძალიან დიდი ემოციები ჰქონდა და ბინასთან დაკავშირებით გეგმებიც ჰქონდა, იქ თავის ტყუპებთან ერთად აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას.
ახლახან სოციალურ ქსელში მაიკომ გააზიარა იმ ქაღალდის ფოტო, სადაც ზემოხსენებული საჩუქრის შესახებ წერია და დაწერა, რომ მწარედ მოატყუეს.
Fortuna.ge დაინტერესდა, რატომ არ აჩუქეს მაია კაჭკაჭიშვილს დაპირებული ბინა.
მაიკო კაჭკაჭიშვილი:
„ჩემს საავტორო კონცერტზე გადმომცეს ბინა საჩუქრად. ბინა თბილისში იყო. პირობა იყო, რომ ერთ წელიწადში, ანუ 2018 წლის მაისის თვეში უნდა ჩამბარებოდა ბინა. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. წელიწადნახევარში მოვიკითხე და მიპასუხეს, გავკოტრდით და ბინას ვეღარ გადმოგცემთო. იმ პერიოდში მიმდინარეობდა მათი მშენებლობები და მეგონა, რომ მართალი იყო ეს ამბავი. ეკა ხოფერიას შოუში კომპანიამ პიარი გაიკეთა ამ ამბით, თუმცა აღმოჩნდა, რომ მომატყუეს. მინდოდა ადვოკატების ჩართვა, მაგრამ ეს ქაღალდი შემრჩა ხელში, რადგან მას იურიდიული ძალა არ ჰქონია. მსურდა, ამ ბინაში ტყუპებთან ერთად გადავსულიყავი. ჩემი სახელით, ჩემი კონცერტით და ეკა ხოფერიას ძალიან კარგი გადაცემით ისარგებლეს, რეკლამა გაიკეთეს, უნამუსოდ მომატყუეს და ბოდიშიც კი არ მომიხადეს. მეგონა, ოდესღაც შემომეხმიანებოდნენ, მაგრამ რომ არ შემომეხმიანნენ, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ვერც გავიგეთ, სად არიან…“
