სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
„16 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის და ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკას. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების საკითხი.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ფასეულია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა.
საუბარი ასევე, შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
