ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს „ბრიტვით“ თავს დაესხა. თავდამსხმელმა ექთნისთვის დაზიანებების მიყენება მოახერხა.
შემთხვევა წუხელ, 23:00 საათზე მოხდა. ექთანი აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ ის კვლავ სამსახურშია და აგრძელებს მუშაობას – „გადახვეული ჭრილობებით“.
დაზარალებული ექთანი, ასმათ ვარშალომიძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია.
„ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. უკან დამსდევდა. ვეუბნებოდი, რომ პალატაში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მისდევდა.
არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე ალბათ წამლის მოპარვა უნდა-მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – ყვება დაზარალებული ექთანი.
ექთანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გონებაც დაკარგა:
„მახრჩობდა და ჟანგბადი არ მყოფნიდა. ხელები რომ გადამიგრიხა, მაჯა ახლაც მტკივა, მგონი ამოვარდნილი მაქვს“.
შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.