LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონმა საფრანგეთის დროშის ერთი ფერი შარშან შეცვალა, თუმცა ეს მხოლოდ ახლა შეამჩნიეს

673
Untitled design - 2021-11-25T112830.287

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ეროვნულ დროშაზე ერთ-ერთი ფერის ელფერი შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Le Parisien ავრცელებს.

ელისეს სასახლის თავზე აღმართული დროშის ფერის ცვლილება, როგორც ჩანს, ერთი წელია, ვერავინ შეამჩნია, რადგან ინტერნეტსივრცეში ამ ამბავზე მხოლოდ ბოლო დღეებში დაიწყო განხილვა.

ადმინისტრაციის ცნობით, დროშაზე ფერი გასული წლის ივლისში შეიცვალა, თუმცა ეს აქამდე ცოტამ თუ შენიშნა.

მაკრონის ადმინისტრაციამ საფრანგეთის დროშაზე ლურჯი ფერი გაამუქა და ამით მას რევოლუციისდროინდელი იერი დაუბრუნა.

მუქი ლურჯი ფერი საფრანგეთის დროშაზე მე-18 საუკუნიდან იყო, როცა ეს ალამი რევოლუციის სიმბოლოდ იქცა. მოგვიანებით, 1970-იან წლებში ლურჯი ფერის გაღიავება გადაწყდა.

თავად საფრანგეთის დროშა დღესაც სამი ფერისგან შედგება – ლურჯი, თეთრი და წითელი. უახლესი ცვლილებების შემდეგ, ლურჯი ფერი ზღვის ელფერად შეიცვალა. დროშაზე ახალი ელფერი 1793 წლის დროშაზე მინიშნებაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფერის შეცვლის გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში მიიღო, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ელისეს სასახლის კულისებში გარკვეული დებატები გამოიწვია.

ოფიციალური წყაროების ცნობით, მუქი ლურჯი “უფრო მომხიბვლელია”, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ლურჯის გამუქება ევროკავშირის დროშაზე გამოყენებულ ფერთან გასამიჯნად გადაწყდა, რაც, შესაძლოა, საფრანგეთსა და ევროპას შორის გაჩენილ ბზარზე მიანიშნებდეს.

თავის დროზე საფრანგეთის სიმბოლოზე ლურჯის გაღიავება სწორედ ევროკავშირის დროშასთან შეხამებას უკავშირდებოდა, თუმცა, ამჯერად, “ბზარის სიმბოლოს” ვერსიას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g