რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წყალტუბოს გენგეგმის საკონკურსო განაცხადების პრეზენტაცია, უახლოეს მომავალში უშუალოდ წყალტუბოში გაიმართება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონკურსში მონაწილე სამივე ქართულ კომპანიას ჰყავს გამოცდილი უცხოელი პარტნიორი და თითოეული მათგანი კურორტის განვითარების კონცეფციებს წყალტუბოში წარადგენს.
„გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, უკვე გენგეგმა გვიჩვენებს, თუ რა მოცულობების მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში, სადაც განლაგებულია ის ძირითადი საინვესტიციო პროექტები, მიტოვებული სასტუმროები, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაში უნდა მოხვდნენ. ამის შემდეგ, უკვე ეკონომიკის სამინისტრო გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად განსაზღვრავს, თუ რა ახალი ტიპის ინფრასტრუქტურაზე უნდა გამოაცხადოს საინვესტიციო წინადადებები“- აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე წყალტუბოში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები , მათ შორის წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემის მოწყობა, რომელიც ასევე მნიშნელოვანია კურორტის განვითარებისთვის.