LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამაჩემის ნაცვლად ვერ ვაპატიებ” – ფარული კადრების საქმეზე ბრალდებული ანა აროშიძის ისტორია

2395
anaaroshize

“31 იანვარს, ღამის 2-ის ნახევარზე, ჩემს სახლში შემოვარდა კრიმინალური პოლიციის ექვსი თანამშრომელი და საკუთარი ოჯახისა და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს,” – ამის შესახებ ანა აროშიძე წერს.

მის შესახებ ინფორმაციას გირჩი ავრცელებს. როგორც პოსტიდან ირკვევა, ანა აროშიძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზეა ბრალდებული.

ანა აროშიძე წერს, რომ მისი დაპატიმრებიდან 5 დღეში მამა გარდაეცვალა. აღნიშნავს, რომ მის სიკვდილს პოლიციელებს არ აბრალებს, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს ბრალს დებს იმაში, რომ მამას საკუთარი შვილის მომავალზე დარდი საფლავში ჩააყოლეს.

ანა აროშიძე ამბობს, რომ ფარული კადრები მას არ გაუვრცელებია, ის საჯარო სივრცეში ნახა და პირად “ჩათში” გაუგზავნა სამ მეგობარს.

 

მოგიყვებით, რა გადამხდა თავს.

პოლიციელები სახლში რომ შემოგვივარდნენ, სიმსივნის მეოთხე სტადიის დიაგნოზით ლოგინად ჩავარდნილი მამაჩემი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.

ის მოატყუეს, უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით მიბარებდნენ პოლიციაში და მალევე გამომიშვებდნენ სახლში.

 

ასე აღმოვჩნდი ციხეში.

ლოგინად ჩავარდნილი მამასთვის ნარკოტიკული ინექციის გარეშე ყოფნა წამებას ნიშნავდა, მორფინის გამოტანაზე პასუხისმგებელი პირი კი მე ვიყავი.

ჩემი გატაცება-დაპატიმრების შემდეგ დედას ერთი დღე დასჭირდა, რომ მორფინი ჩემ ნაცვლად გამოეტანა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მამაჩემი წამებისთვის გაიმეტა.

ამიტომაც არ მაქვს უფლება, ეს საქციელი ვინმეს ვაპატიო.

 

მამაჩემის ნაცვლად ვერ ვაპატიებ.

ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერზე გულწრფელად მოვყვე, მათ შორის, საკუთარ „დანაშაულზე“.

ჩემი დანაშაული ისაა, რომ მე ვნახე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გავუგზავნე ის სამ მეგობარს არა საჯაროდ, არამედ პირად ჩატში, ისევე როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა გააკეთა ეს.

არ მგონია, რომ ეს საქციელი მისაბაძია და ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ეკა ბესელიას ჩემი ბავშვური, უაზრო გართობის გამო, მაგრამ მე კრიმინალი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ და მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამისთვის, დავამტკიცებ, რომ სახელმწიფო დამნაშავეა ჩემი ოჯახის, მამაჩემისა და ჩემი მეგობრების წინაშე, რომლებიც ამ აბსურდის გამო ახლაც ციხეში სხედან.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პოლიცია სპეცოპერაციას ჩაატარებდა ჩემ დასაპატიმრებლად, თანაც ასეთი აბსურდული ბრალდებით.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა მომენტი, რომელიც ისე რადიკალურად შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას სამყაროზე, ადამიანებზე, თავისუფლებაზე, როგორც ციხეში გატარებულმა ამ რამდენიმე დღემ.

 

დღემდე არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს.

ციხიდან კვირას გამომიშვეს, 1000 ლარიანი გირაოთი – ეს მაქსიმუმი იყო, რისი სესხებაც დედაჩემმა შეძლო.

სამშაბათს მამა გარდაიცვალა.

მინდოდა ყველაფერზე ხელი ჩამექნია და დავმალულიყავი, მაგრამ ჩემი მეგობრები ციხეში ისევ სხედან, იგივე ბრალდებით, და მე გადავწყვიტე ყველაფერი გავაკეთო მათ დასახმარებლად.

გადავწყვიტე, მამაჩემს დავუმტკიცო, რომ მისი შვილი კრიმინალი არ არის.

 

ამიტომ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მე არ ვარ კრიმინალი, რადგან ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, მე არ გადამიღია და საჯაროდ არ გამივრცელებია კადრები, და ვერასდროს წარმომედგინა, რომ დამიჭერდნენ იმ ვიდეოს გამო, რომელიც საჯარო სივრცეში – ინტერნეტში ვიპოვე და სამ მეგობარს ვაჩვენე.

მე არ ვარ კრიმინალი და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, დამეხმაროთ ამის დამტკიცებაში,”- აღნიშნულია პოსტში, რომელსაც “გირჩი” აქვეყნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g