„პირადად მე არანაირი შეტყობინება, არც წინა შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში, არ მიმიღია. გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ. ეს არის კუდის მოქნევა დამარცხებული მთავრობისა აშშ-ში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნულით მდინარაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის, მათ შორის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა“:
„დამარცხდა მთავრობა და დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, რომ რაც შეიძლება, რაც აქამდე გააკეთა, უფრო დაამძიმოს, გაართულოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომ მერე პრობლემები ურთიერთობებში ძნელი აღმოსაფხვრელი იყოს. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა.
პარტნიორობა შევწყვიტეთო, რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, არადა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც პარტნიორობის ჩანასახს მაინც შექმნიდა, ჩვენ არ გვქონია.
იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები და ნელ-ნელა რეალურ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ეს ურთიერთობები მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება“. – განაცხადა მამუკა დინარაძემ.
„ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე არც ამერიკაში მოგზაურობის სურვილი მაქვს“ – კახა კალაძე
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“. „რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მათი განცხადებები გაჯერებულია სიცრუით, თვალებში ნაცრის შეყრის […]
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.
დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით ოც პიროვნებას, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ოფიციალურ პირებს და კერძო მოქალაქეებს“. – აღნიშნულია სახდეპის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ.