ბავშვთა ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა დაიწყო.
საქმე ეხება თბილისში მცირეწლოვანი ბავშვების იძულებით მოწყალების თხოვნას.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას, ტრეფიკინგს გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, ჩაერთო თუ არა საქმეში ჯანდაცვის სოციალური სამსახური.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიას მოქალაქე დაუკავშირდა და მცირეწლოვნების ქუჩაში მუშაობის შესახებ შეატყობინა, რომლის მოწმეც პირადად გახდა.
მისი თქმით, მანქანაში კონკრეტულ ადამიანს 5 ბავშვი ეჯდა. მათგან ერთ-ერთი გადასცეს ქალს, რომელიც ბავშვის გამოყენებით ფულს ითხოვდა. ჟურნალისტებმა ფაქტის ამსახველი ვიდეოც გადაიღეს.