LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანიდან ნაგვის გადაყრისთვის ვიდეოჯარიმები მოგივათ

34

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მოქალაქეები ავტომობილიდან ნაგვის გადაყრის გამოც დაჯარიმდებიან.

მინისტრის განმარტებით, სამართლებრივი ბაზა დასრულდა და მალე, ამის ტექნიკურად მოგვარებისთვის სისტემაც შეიქმნება.

აგულაშვილის განცხადებით, ავტომანქანის მფლობელების იდენტიფიცირება მთლიან სისტემაში უნდა მოხდეს და ავტომფლობელებს ჯარიმები ისევე უნდა მიუვიდეთ, როგორც საგზაო წესების დარღვევისთვის მისდით.

„ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც ქუჩაში მიდიხართ და თქვენს წინ მიმავალი ავტომანქანიდან არის დანაგვიანების ფაქტი. ჩვენ მალე ავაწყობთ სისტემას, ახლა შეიქმნა ამის სამართლებრივი ბაზა იმისთვის, რომ თუ ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მთლიან სისტემაში მოხდეს ავტომანქანის მფლობელის იდენტიფიცირება და ისევე როგორც ვიდეოჯარიმები მოსდის ავტომფლობელებს, ასეთივე სისტემა შევქმნათ“, – განაცხადა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან.

საქართველოს მთავრობამ დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პრემიერის განცხადებით,  გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს კანონმდებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას. კანონპროექტი უახლოეს მომავალში პარლამენტს გადაეგზავნება.

ამასთან, თბილისში 3 აპრილიდან დაჯარიმების ახალი სისტემა ამოქმედდა. ამ ეტაპზე თბილისში 10 ინსპექტორთა ჯგუფი გადაადგილდება, რომლებიც გარემოს დანაგვიანებისთვის მოქალაქეებს ადგილზე აჯარიმებენ.

ერთი თვის მონაცემებით (20 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით) თბილისის ქუჩებში, ნაგვის დაყრისთვის 411 ადამიანი დაჯარიმდა. საჯარიმო თანხის ოდენობამ მთლიანობაში 42 710 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები