“რეჯიო ემილიაში” დებიუტი მარკოიშვილმა 16 ქულით აღნიშნა
მანუჩარ მარკოიშვილის წარმატებული დებიუტი იტალიურ „რეჯიო ემილიაში“: სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩში ქართველმა ლეგიონერმა პირველად მოირგო ახალი კლუბის მაისური და დებიუტი 16 ქულით აღნიშნა.
„რეჯიო ემილია“ „ვანოლი კრემონას“ შეხვდა და 87:70 მოუგო. მარკოიშვილმა გუნდს 16 ქულა შესძინა და შედეგიანობით მხოლოდ იტალიის ნაკრების წევრ ამედეო დელა ვალეს (21 ქულა) ჩამორჩა.
“რეჯიო ემილია” სერია ა-ს პირველ ტურში “სიდიგას აველინოს” ესტუმრება. ეს მატჩი 2 ოქტომბერს გახლავთ დაგეგმილი.
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო. ბასკური გუნდის სეზონისთვის მოსამზადებელ პირველ მატჩში, რომელიც „ბასკონიამ“ ებრაულ „ჰაპოელთან“ გამართა, ქართელმა ფორვარდმა ფეხი ამოიბრუნა და თამაში ვეღარ გააგრძელა.
შენგელიას ტრავმა მძიმე არაა და როგორც ესპანური კლუბის წევრები იმედოვნებენ, ქართველი ფორვარდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბის კაპიტნის წოდება მიიღო, მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.
„ჰაპოელთან“ მატჩში შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და სანამ ფეხს იტკენდა, მოედანზე 10:14 წუთი გაატარა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 6 ქულას 2 მოხსნა და 1 პასი წაამატა. ჩვენებურმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცნობისთვის, “ბასკონიას” ესპანეთის ჩემპიონატის 1-ლი ტურის მატჩი უკვე 29 სექტემბერს ელის, როდესაც სტუმრად “ბარსელონას” გაეჯიბრება.