თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად სოციალურ ქსელში კონკრეტული კანდიდატების საწინააღმდეგოდ მიმართული დეზინფორმაციული ხასიათის კამპანიები ჩნდება. როგორც დღეს აუდიტის სამსახურში განაცხადეს, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის, საწინააღმდეგო კამპანიაზე გარკვეული ფინანსები იხარჯება.
პრობლემა გამოიკვეთა ISFED-ის ანგარიშშიც, სადაც აღნიშნულია, რომ მსგავსი კამპანიები ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
“ყველაზე პრობლემატურია და ამაზე ჩვენს ანგარიშშიც იყო ინფორმაცია, დასპონსორებული ფეისბუკგვერდები, რომელზეც ხდება ანტი აგიტაცია კონკრეტული კანდიდატების წინააღმდეგ,” – აცხადებს ISFED-ის წარმომადგენელი, ელენე ნიჟარაძე და დასძენს, რომ “დასადგენია, რამდენად არის ეს უკანონო შემოწირულობა”.
“აქ განსასაზღვრია მეთოდოლოგია, თუ როგორ მოახდენს აუდიტის სამსახური ამ ინფორმაციის შემოწმებას და დადგენას, არის თუ არა ეს უკანონო შემოწირულობა და რა უნდა განხორციელდეს მოცემულ შემთხვევაში,” – ამბობს ელენე ნიჟარაძე.
ალეკო ელისაშვილი “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ დეზინფორმაციის ნაწილი, რომელიც სოციალური ქსელით მის შესახებ ვრცელდება, გამოხატვის თავისუფლების კანონის ფარგლებში ჯდება, მაგრამ ნაწილი არღვევს საარჩევნო კანონს.
ელისაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ დგას ამ კამპანიის უკან და აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გასცენ.
“არის ასეთი გვერდი “ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერები”, რომელიც არ არის ჩვენი შექმნილი. ეს გვერდი ეწევა მიზანმიმართულ ბინძურ კამპანიას ჩემს წინააღმდეგ, იქ გამოქვეყნებული ინფორმაცია ყოველთვის დასპონსორებულია. მე მაქვს ინფორმაცია, ვინ დგას ამის უკან, მაგრამ ვარაუდით რომ არ ვილაპარაკო, სწორედ ამიტომ მივმართეთ აუდიტის სამსახურს. მე მაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო ეტაპი იქნება აუდიტის სამსახურის მიმართვა შს სამინისტროსადმი, რომ გაირკვეს, ვინ აფინანსებს ამ გვერდებს,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მსგავს ფაქტზე, როგორც ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, ერთხელ უკვე მიმართეს პოლიციას, თუმცა მაშინ გამოძიება არ დაწყებულა.
“პოლიციას ვიდეოსთან დაკავშირებით მიმართა (ელისაშვილმა), რომელზეც გამოძიება არ დაიწყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი დიდი დეზინფორმაციული კამპანიაა და ერთმანეთთან კავშირში, ალბათ, არის და ამას ყველაფერს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერი.
თაკო ივანიაძე