ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჩინური კორპორაციის „ჰუავეის“ პრეზიდენტს გან ძიანჰუას შეხვდა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, აგრეთვე ჩინური კორპორაციის წარმომადგენლები.
საუბარი წარიმართა საქართველოში ICT მიმართულების განვითარებასა და ამ მხრივ „ჰუავეის“ ჩართულობაზე. აღინიშნა, რომ ჩინურ კორპორაციას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საქმიანობს და გლობალურ ICT სექტორთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, დიდი ინტერესი აქვს უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე. კორპორაციის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია, როგორ ხედავენ ისინი საქართველოში ბიზნესის გაფართოებას და თანამშრომლობას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში.

მარიამ ქვრივიშვილმა „ჰუავეის“ წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ხედვა ქუთაისში ახალი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის შესახებ, რომელიც უნიკალური იქნება რეგიონში და სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს, კერძოდ, ინტერაქციულ-სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მუზეუმს, სტარტაპ აქსელერატორებს, საერთაშორისო IT სკოლას, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარების ლაბორატორიას, მონაცემთა ცენტრს, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტულ ლაბორატორიებს, საკონფერენციო და საერთო სამუშაო სივრცეებს.
„ჰუავეის“ წარმომადგენლები ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით დაინტერესდნენ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში „ჰუავეის“ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობაზე.