LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა თხელიძე: „გარდამტეხი წელი იყო… ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ პიროვნულად უფრო გავიზარდე, ბევრად ძლიერი და თავდაჯერებული გავხდი, უფრო შემიყვარდა ჩემი თავი…“

112
მარიკა-თხელიძე

15 დეკემბერს, რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი მარიკა თხელიძე სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე და არსებულ შემოქმედებით პაუზაზე ისაუბრა და მსმენელს ახალი ნამუშევარი „მე და შენ“ წარუდგინა.

მარიკა, როგორია წინასაახალწლო განწყობა?

ყოველთვის ბევრად ადრე ვიწყებ ახალი წლისთვის მზადებას და ამაზე ჩემი ახლობლები სულ იცინიან ხოლმე. ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი დღესასწაულია. ახალი წლის პერიოდში, ძირითადად, სულ კარგ განწყობაზე ვარ.

გახარებული ვარ იმის გამოც, რომ როგორც იქნა, ახალი სიმღერა ჩავწერე, რასაც ხალხის ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

შეიძლება ითქვას, რომ ხალხის შენდამი დამოკიდებულება ყოველთვის დადებითი იყო, ეკრანებზე გამოჩენის დღიდან ერთ-ერთი პირველი იყავი ამ სფეროში…

არ ვიცი, რამდენად პირველი ვიყავი, თუმცა ბავშვობიდან მართლა კარგად წარვდექი მაყურებლის წინაშე. დადებითად მიმიღო ხალხმა, უბრალოდ, ძალიან დიდი პაუზა მქონდა შემოქმედებითად, რაც მომღერლისთვის კარგი არ არის. ამ სიმღერის გარშემო დადებითად განვითარდა მოვლენები, დიდია დაინტერესება. როდესაც შენი სიმღერით გამოდიხარ, როდესაც პირადად შენთვის არის დაწერილი სიმღერა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს სხვა ბედნიერებაა. ყველგან აღვნიშნავ, რომ ხალხის დამოკიდებულებამ მიმიყვანა იქამდე, რომ სიმღერა გამეგრძელებინა.

სხვათა შორის, იყო პერიოდი, როცა რაღაც პრობლემა მქონდა ხმასთან დაკავშირებით. ეს არ იგრძნობოდა სიმღერის დროს, მაყურებელი ამას ვერ იგრძნობდა, მაგრამ ჩემთვის არც თუ ისე მარტივი იყო. ჩავიტარე ხორხის თერაპია, დამინიშნეს მედიკამენტები… თვე-ნახევარი დასჭირდა ამ პრობლემის მოგვარებას, შემდეგ, რომ გავიმღერე, ბავშვობაში დავბრუნდი… საოცარი ხმა ამომივიდა, ცრემლები წამომივიდა, ვერ ვიჯერებდი, რომ ნამდვილად მე ვიყავი. ბავშვობაში როგორი წკრიალა ხმაც მქონდა, აბსოლუტურად იმავე მდგომარეობას დავუბრუნდი. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ ახალი სიმღერის ჩაწერა მომინდა.

როგორი ისტორია აქვს ახალ სიმღერას „მე და შენ“?

წელიწადნახევრის წინ დავურეკე ლილიკო ნემსაძეს და მივმართე თხოვნით, რომ ჩემთვის ახალი სიმღერა დაეწერა. სხვათა შორის, ლილიკომ ძალიან მალე დამიწერა სიმღერა, თან ზუსტად მიხვდა, რა სტილიც მინდოდა. ძალიან მიყვარს მასთან მუშაობა, ძალიან კომფორტულია. როდესაც ჩავწერე, საოცარი არანჟირება გააკეთა ბორიკო შხიანმა და დიდი მადლობა მას ამისთვის. ეტყობა, რომ მართლა გული და სული აქვს ჩადებული, ბევრი აღნიშნავს, საოცარი არანჟირებააო. ლექსი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. სიმღერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში, კობა მესხიასთან ჩაიწერა.

საოცარი გამოხმაურება მოჰყვა სიმღერის სატელევიზიო პრემიერას, ელოდი თუ არა ასეთ შეფასებას?

ველოდი, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილი სიტყვები, კეთილი სურვილები არ დაიშურა, რომ ასე დადებითად შეაფასა, როგორც სიმღერა, ისე ჩემი ნამღერი. რამდენჯერმე შემხვდა კომენტარი, რა ბედნიერებაა, რომ დაგვიბრუნდიო და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. ამ დამოკიდებულების გამო მაქვს განწყობა, რომ კიდევ ჩავწერო ახალი სიმღერა.

რამდენად დადებითი იყო შენთვის ეს წელი მთლიანობაში?

ვერ ვიტყვი, რომ დადებითი წელი იყო, საკმაოდ რთული და გარდამტეხი იყო. ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ პიროვნულად უფრო გავიზარდე, ბევრად ძლიერი და თავდაჯერებული გავხდი, უფრო შემიყვარდა ჩემი თავი…

 

მარიკა თხელიძე – მე და შენ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მარიკა თხელიძე. ვიდეოკოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები