გარდაიცვალა საბჭოთა ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, მარიონეტების თეატრის მმართველი რეზო გაბრიაძე – წერს „ბიბისი“. სტატიაში, რომელიც ლეგენდარული შემოქმედის ბიოგრაფიას ეძღვნება, ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რეზო გაბრიაძე ცნობილი იყო მარიონეტული თეატრის ისეთი სპექტაკლებით, როგორიცაა „სტალინგრადის ბრძოლა“.
ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ რეზო გაბრიაძეს ასევე ეკუთვნოდა საბჭოთა კავშირის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ფილმის სცენარი, რომელთა შორისაა „მიმინო“, „არ დაიდარდო“ და „ქინ ძა ძა“.
„ბიბისი“ იხსენებს 2002 წელს „სტალინგრადის ბრძოლის“ ლონდონში წარდგენასაც, რის შემდეგაც გაბრიაძე გამოცემას ესაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში იგი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ხშირად ახდენდა დანიელ დეფოს გმირთან, რობინზონ კრუზოსთან, რადგან საკუთარ თავს მსოფლიო კულტურისაგან გარიყულად ხედავდა ტოტალიტარული რეჟიმის უდაბნოს კუნძულზე .
გარდა მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელობისა და რეჟისორობისა, რეზო გაბრიაძე ცნობილია როგორც სცენარისტი, მხატვარი და სკულპტორი. იგი თბილისში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი წლის წინ, მოსკოვში გარდაიცვალა გიორგი დანელია, რომელთანაც გაბრიაძე ხშირად თანამშრომლობდა.