LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტივად რომ ვთქვათ, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები, მიიღებენ კანონს, რომელსაც ექნება მხოლოდ სათაური შესაბამისობაში იმ რეკომენდაციებთან, რომლებსაც ითხოვს ევროკავშირი” – რომან გოცირიძე ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით

68
BeFunky-collage

მმართველმა გუნდმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება.

ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას გაუწევს. აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის პროექტი რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ „ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი ორგანო არ იქნება, თუ მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

„მიიღებენ კანონს, რომელსაც ექნება მხოლოდ სათაური შესაბამისობაში იმ რეკომენდაციებთან, რომლებსაც ითხოვს ევროკავშირი.

შინაარსი აბსოლუტურად იქნება იმის საწინააღმდეგო, რა სულისკვეთებაც არის ამ რეკომენდაციებში ჩადებული.

მარტივად რომ ვთქვათ, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები და ჩვენ დეკემბერში, 2 თვეში დავრწმუნდებით, რომ არც ერთი ეს ცვლილება არ იქნება მისაღები არც ოპოზიციისთვის, (რომელსაც შეიძლება ტენდენციურობა დააბრალოს ვინმემ), არც ჩვენი საზოგადოებისათვის და, რა თქმა უნდა, არც ევროკავშირისათვის.

ჩვენ გვინდა ისეთი კანონპროექტები შემოვიდეს, რომ საქართველოს გაეხსნას გზა ევროკავშირისაკენ.

როცა მიიღეს პროკურორის დანიშვნის წესი, რომელიც არ არის შეიძლება იდეალური და შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ერთადერთი კარგი რაც არის ესაა მაღალი კვორუმი. 90 ხმით ხდება გენერალური პროკურორის დამტკიცება.

მთელი ამ განხილვის პერიოდში ნაცვლად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” ეამაყა, რეკომენდაციებს ვასრულებთო, თავისივე წარმოდგენილ კანონპროექტს ლანძღავდა და სიტყვა-სიტყვით ვამბობ ასე მოიხსენიებდნენ – „სამართლებრივი მარაზმი“.

მივიღეთ პირველი მოსმენით, მაგრამ მეორე მოსმენით არ მიიღებენ ამასაც. ანუ მათ არ უნდათ მაღალი კვორუმით რაიმეს დამტკიცება.

ახლა რა ხდება მათ წარმოდგენილ პროექტში – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, სასაცილოა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ პარლამენტთან იქნება ანგარიშვალდებული. პარლამენტთან ანგარიშვალდებული უამრავი ორგანიზაციაა, მაგრამ მთავარია როგორია პოლიტიკური გავლენა მათზე.

ჩვენ ვნახეთ პარლამენტთან ანგარიშვალდებული ორგანო, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი ობიექტური პოზიცია როგორც კი დააფიქსირეს არ მოეწონათ და რა ქნეს.

ამიტომ უკვე ასეთ შეცდომას არ დაუშვებენ და პარლამენტის დასანიშნად არ გაიხდიან საქმეს.

მორიგი პოლიტიკური მორჩილი ადამიანი იქნება ხელმძღვანელი.

“ფორტუნას” კითხვაზე, როგორ ესახება “ნაციონალურ მოძრაობას” ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, მისი მუშაობა და როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული უწყების დამოუკიდებლობის მაქსიმალური უზრუნველყოფა რომან გოცირიძემ განმარტა:

ჩვენ წარვადგინეთ კანონპროექტი, სადაც ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელს ექნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, ზუსტად ისე, როგორც პროკურორის შემთხვევაში, მაღალი კვორუმით.

ანუ ვერ უნდა ინიშნებოდეს იგი ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე. (დღეს პროკურორს ვერ დანიშნავენ თუ 90 ხმა არ აქვთ ანუ 2 ხმა აკლდებათ.)

და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს საპარლამენტო ორგანო. როგორც ეროვნულ ბანკზე პასუხისმგებელი არის პარლამენტი, როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ნიშნავს პარლამენტი…

ახლა მთავრობა იტყვის, პრემიერ-მინისტრი თვითონ ხომ არ არჩევს, კომისია არჩევს ხელმძღვანელს.

გავიხსენოთ, კონსტიტუციის უზრუნველყოფილი კომისია, რომელსაც უნდა წარმოადგინა ცესკოს თავმჯდომარე.

პრეზიდენტმა შექმნა ნეიტრალური ჯგუფი, ამ კომისიამ წარმოადგინა ცესკოს კანდიდატობის 3 პირი და რას აკეთებს პარლამენტი?

1 თვეა არ იხილავს და ამბობენ, რომ არ მოსწონთ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც კომისიამ შეარჩია.

გინდათ თუ არა ძველი ცესკოს თავმჯდომარე გვინდაო და ახლა ამას, სამივეს ჩააგდებენ, მერე ისევ თავიდან დაიწყება პროცესი, პრეზიდენტმა კიდევ თავიდან უნდა შექმნას კომისია და სანამ ხელისუფლების მოსაწონი ანუ ყურმოჭრილი ადამიანი იქ არ დაჯდება, მას მხარს არ დაუჭერენ.

წარმოგიდგენიათ, პრეზიდენტის კომისიის შერჩეული ადამიანი დაიწუნეს და როგორი კომისია იქნება, რომლის მიერ შერჩეულს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს? რომ არ მოეწონოს? არ დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრი.

მოკლედ, ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის იმიტაცია. ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტი, სხვათა შორის ძალიან ემთხვევა უკრაინაში წარდგენილ კანონს და არის მართლაც ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთების შესაბამისი,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები