მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.
ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური ლიტერატურის თანახმად, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე იგი მკვდრეთით არ აღდგებოდა.
როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პატრიარქმა ილია II ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა და მღვდელმთავრებსა და მონასტრების წინამძღვრებს მოუწოდა ჯანმრთელობის პარაკლისები გადაიხადონ.
“ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ”,-განაცხადა პატრიარქმა.