ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით მარტოობა ყოველ საათში ათობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. სპეციალისტთა შეფასებით, მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი მძაფრ მარტოობას განიცდის, რაც პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასთან. უახლესი ანგარიში ჯანმოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მარტოობას წელიწადში 871 ათასი სიკვდილი უკავშირდება, რაც უკვე საგანგაშო მაჩვენებელია.
მარტოობა უკვე განიხილება როგორც სერიოზული გლობალური პრობლემა, რომელსაც კომპლექსური გადაწყვეტა ესაჭიროება.
ჯანმო მარტოსულობის ორ ცნებას გამოყოფს – მარტოობა – როგორც ურთიერთობების დეფიციტის სუბიექტური შეგრძნება და სოციალური იზოლაცია – კონტაქტების ობიექტური არარსებობა. თანაც მარტოობის შედეგები მოქმედებს არამხოლოდ ცალკეულ ადამიანებზე, არამედ მთლიან საზოგადოებაზე.
ანგარიშში ისიცაა ხაზგასმული, რომ მარტოობა კონკრეტული ასაკით არ შემოიფარგლება, თუმცა უფრო ხშირია მოზარდებს შორის და ძირითადად, ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყნებში.