ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 2025 წლის მარტის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.93 ლარი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით 1.6%-იანი შემცირება, წლიურ ჭრილში კი 8.3%-იანი მატებაა.
მარტში ხაჭაპურის ინდექსის კლება განმაპირობებელი იყო ყველისა (-2.5%) და რძის (-0.9%) ფასებით, რომელიც წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს კლება შეესაბამება ადგილობრივი ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ზრდას, რაც რძის პროდუქტების ფასების შემცირებას იწვევს. გარდა ამისა, 3 მარტს დიდმარხვა დაიწყო, რამაც, შესაძლოა, ასევე იმოქმედა ყველისა და რძის პროდუქტების ფასების კლებაზე, რადგან მათზე მოთხოვნა ამ პერიოდში მცირდება.
წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირა ხაჭაპურის ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა: ყველი (+14.9%), კარაქი (+13.4%), საფუარი (+2.1%) და რძე (+1.1%). კვერცხის (-5.8%) და ფქვილის (-5.7%) ფასები კი შემცირდა.