საქართველოში პოპულარული მულტფილმი “მაშა და დათვი” რუსული კულტურის, რუსული აზროვნების, რუსული ცხოვრების პოპულარიზაციისთვის მუშაობს, edu.aris.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე ისაუბრა.
„სულ ახლახან მქონდა შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც უცხო ენის გავრცელებას უწყობენ ხელს, მათ შორის იყო თქვენთვის კარგად ცნობილი „ამერკული საბჭოები“ (American Councils), მათ ხელმძღვანელებს შევხვდი და ვკითხე – ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
American Councils არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ინგლისური ენის პოპულარიზაცია მოახდინოს მსოფლიოში. მათი კონკურენტი კი ჩვენს დროში არის „მაშა და დათვი“. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მულტფილმი საქართველოში, რომელიც მუშაობს რუსული კულტურის, რუსული აზროვნების, რუსული ცხოვრების პოპულარიზაციისთვის. ის არის სუპერპოპულარული. ალბათ, გყავთ შვილები და შვილიშვილები და ხედავთ, რომ „მაშა და დათვი“ „ამერიკულ საბჭოებს“ უგებენ და უგებენ ძალიან მაღალი ხარისხით.
ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლება, გახსოვთ, რაც გამოიწვია ამ საგნის შემოტანამ ფართო საზოგადოებაში და გახსოვთ, როგორი მწვავე იყო და როგორ არასწორ დაშვებებს ეყრდნობოდა ეს კონფლიქტი.
როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ საკლასო ოთახში შეგვეტანა ახალი ინფორმაცია, ხანდახან ვიღებდით ორგანიზებულ წინააღმდეგობას. ამ დროს მხატვრული ფილმები, სერიალები, ყოველგვარი შეფერხების გარეშე იმავე ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენს მოქალქეებს. ანუ, ამოცანა იმაშია, რომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში. მხოლოდ ქიმია და ფიზიკა არ უშველის ჩვენს საზოგადოებას. მეცნიერებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ახლებურად მოაზროვნე მოქალქეები, რომლებიც შეძლებენ ახალ რეალობაში გახდნენ წამყვანი ძალა“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.