საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის შედეგები აღმოფხვრილია. ამის შესახებ ინფორმაციას „პროსერვისი“ ავრცელებს.
“კომპანია „პროსერვისი“ 28 ოქტომბერს, საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც „პროსერვისის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კიბერთავდასხმის პირველივე საათებში კომპანიაში 300-მდე ვებგვერდის მფლობელის მიმართვიანობა მოხდა:
„28 ოქტომბერს, გამთენიისას, საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის შედეგები აღმოფხვრილია. სხვა ორგანიზაციებთან ერთად, თავდასხმის ობიექტი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების ნაწილი. პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისმა“, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშოები, ხოლო 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე ყველა პრობლემური ვებგვერდი უკვე თავდაპირველ ფუნქციონალს დაუბრუნდა. სხვადასხვა არხებით ვრცელდებოდა ინფორმაცია დაზიანებული ვებგვერდების რაოდენობაზე.
კომპანია „პროსერვისი“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის ვებგვერდი იყო თავდასხმის ობიექტი საქართველოს მასშტაბით, თუმცა კომპანიაში 300 – მდე ვებგვერდის მფლობელის მომართვიანობა მოხდა კიბერთავდასხმის პირველივე საათებში. ჯერ-ჯერობით უცნობია პარალიზებული ვებგვერდების რაოდენობა. კომპანია „პროსერვისი“ აცხადებს, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხები მიმდინარე ანალიზისა და გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – ნათქვამია კომპანია „პროსერვისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესაძლებელია კიბერშეტევა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა – შსს
