დიდმა ბრიტანეთი თავშესაფრის პოლიტიკის მასშტაბურ გადახედვას იწყებს. გეგმა დანიის მიდგომას ეფუძნება, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრია.
ბრიტანეთის მთავრობა ამკაცრებს იმიგრაციის პოლიტიკას, განსაკუთრებით ლა მანშის სრუტეზე მცირე ზომის ნავების უკანონო გადაკვეთის წინააღმდეგ.
მემარჯვენე პარტიამ „რეფორმის ბრიტანეთი“ დიდი პოპულარობა მოიპოვა ბრიტანეთში, როდესაც იმიგრაციის საკითხი დააყენა და რითაც მმართველ პარტიას აიძულებს, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს იმიგრანტებთან დაკავშირებით.
შრომისუნარიანი თავშესაფრის მაძიებლებისთვის ფინანსური მხარდაჭერა მცირდება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი რეფორმების თანახმად, საცხოვრებელი და ყოველკვირეული დახმარება ზოგიერთი თავშესაფრის მაძიებლისთვის, გაუქმდება.
ეს ზომები მიმართული იქნება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებიც შრომისუნარიანი არიან, მაგრამ თავს არიდებენ სამუშაოს, ასევე მათზე, ვინც დანაშაულს ჩადის ან კანონს არღვევს.
100-ზე მეტმა ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ მოუწოდა სამინისტროს, შეეწყვიტა მიგრანტების „ვიქტიმიზაცია“ და ასეთი პოლიტიკის გატარება, რადგან ამტკიცებენ, რომ ეს ზომები რასიზმს და ძალადობას აძლიერებს.
საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, დიდ ბრიტანეთში იმიგრაციის საკითხი სცილდება ეკონომიკის ფარგლებს და ამომრჩევლებისთვის მთავარი პრობლემა ხდება.
დანიის სქემა: დროებითი თავშესაფრიდან აქტივების კონფისკაციამდე
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 109 000-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი რეფორმები დანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების მოდელებს დაეფუძნება, სადაც თავშესაფარი დროებითია, დაცვის მექანიზმი პირობითია და თავშესაფრის მაძიებლებმა საზოგადოებაში ინტეგრაცია უნდა შეძლონ.
დანია ათწლეულზე მეტია ცნობილია მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკით და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ პოლიტიკის წყალობით, თავშესაფრის განაცხადების რაოდენობა ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა, განმცხადებლების დაახლოებით 95% კი ქვეყნიდან გააძევეს.
დიდ ბრიტანეთში ანტიიმიგრაციული განწყობა იზრდება, ამ ზაფხულს მთავრობის მიერ დაფინანსებული სასტუმროების წინ, სადაც თავშესაფრის მაძიებლები არიან განთავსებული, დემონსტრაციები იმართებოდა.
არალეგალური მიგრანტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ასევე იზრდება ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2015-2016 წლებში ევროპაში მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა ხმელთაშუა ზღვისა და ბალკანეთის მარშრუტებით.

ფოტო: mediapart
