LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერი: „სტაჟიანი რეპერი ვარ, მაგრამ საბედნიეროდ, რეპერები არ ბერდებიან!..“

24
მასტერი

17 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს მასტერი სტუმრობდა ახალი სიმღერის „თბილისი-ლონდონი“ პრემიერით.

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს ჰოლდინგს თანადგომისთვის. რადიო მართლაც უმნიშვნელოვანესია მუსიკოსის, მისი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის, ამიტომ მიხარია, რომ სწორედ „ფორტუნას“ ეთერში შედგება ახალი სიმღერის პრემიერა.

„თბილისი-ლონდონი“

ყოველთვის ძალიან მინდოდა ქეთი მელუასთან დუეტის ჩაწერა, ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებდი ტრეკს და არანაირ დუეტზე არ ვფიქრობდი, აბსოლუტურად ბუნებრივად, თითქოს მუსიკამ მოიტანა და მივხვდი, რომ ახლად შექმნილ მუსიკას სწორედ ქეთის ხმა მოუხდებოდა. ბევრი არ ვიფიქრე, წერილი გავუგზავნე და ძალიან გამიხარდა, როცა მისგანაც თანხმობა მივიღე.

„თბილისი-ლონდონი“ – საავტორო სიმღერაა, რადგან მუსიკაც თვითონ დავწერე, ტექსტიც და არანჟირებაც თვითონ გავაკეთე. საერთოდ, მიყვარს საკუთარ კომპოზიციებზე დამოუკიდებლად მუშაობა. პირველი რეპი 15 წლის ასაკში ვიმღერე, მომავალ წელს კი, შემოქმედების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავ. სტაჟიანი რეპერი ვარ, მაგრამ საბედნიეროდ, რეპერები არ ბერდებიან.

სიმღერის სათაურის გათვალისწინებით, კლიპიც ნაწილობრივ თბილისში, ნაწილობრივ ლონდონში გადავიღეთ ულამაზესი ხედების ფონზე. ვფიქრობ, ძალიან რომანტიკული ვიდეო გამოვიდა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ლონდონში მცხოვრებ გოგონაზეა შეყვარებული. მართალია, თვითონ ვერ შევძელი ინგლისში გამგზავრება, მაგრამ ძალიან მომეწონა კლიპის საბოლოო ვერსია.

იმედია, მსმენელიც მოიწონებს ჩვენს ახალ ნამუშევარს. რა თქმა უნდა, „თბილისი-ლონდონი“ ვერ გახდება ისეთი მასშტაბური ჰიტი, როგორიც „არ უყურო დროს“ იყო, თუმცა არც მქონდა ასეთი გათვლა, რადგან ეს უფრო ლირიკული კომპოზიციაა, რომელიც მშვიდად და შესაძლოა, ცოტა სენტიმენტალურად ამბობს თავის სათქმელს.

საყვარელი საქმე

რა თქმა უნდა, საქართველოში რთულია მხოლოდ მუსიკით მიღებული შემოსავლით ცხოვრება, მაგრამ როცა საკუთარი საქმე გიყვარს და სიამოვნებით აკეთებ, ყველაფერი დანარჩენი შედარებით უკან გადადის. ვფიქრობ, მთავარი მონდომებაა, რადგან სურვილის შემთხვევაში ყველაფრის მოფიქრება შეიძლება. მართალია, საკუთარი სტუდია მაქვს და ჩემთვის მარტივია მუშაობა, მაგრამ დანარჩენებმა ფუფუნებასა და მოგზაურობებზე რომ არ ხარჯონ ფული, ალბათ, ისინიც ბევრად მეტს შეძლებდნენ და საწუწუნო აღარ ექნებოდათ.

გულწრფელობა

ყოველთვის გულწრფელი ვარ და იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მართალია, დედა ხშირად მეუბნება, რომ არ ღირს ამგვარი გულწრფელობა, განსაკუთრებით ჟურნალისტებთან ურთიერთობისას, მაგრამ მე მაინც ასე მირჩევნია. შეიძლება, ამის გამო ვიღაცასთან ურთიერთობა გამიფუჭდა, მაგრამ მეტწილად ჩემი უშუალობა მაინც კეთილად მიბრუნდება. ბევრი კრიტიკული შენიშვნა მომისმენია, ნეგატიური კომენტარებიც მრავლად მინახავს, თუმცა ყველას მაქსიმალური თავშეკავებით,  დიპლომატიურად ვპასუხობ, რაც პირველ რიგში ოჯახის, მშობლების და აღზრდის დამსახურებაა. მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან ვისაუბრებ, მე მაინც ყოველთვის თავდაჭერილი და ზრდილობიანი ვიქნები.

 

სამომავლო გეგმები

იდეა მრავლად მაქვს, თუმცა ყველაფერს ეტაპობრივად ვახორციელებ. რამდენიმე დღეში ახალი კლიპი გამოვა, ამასთანავე,  უამრავი სიმღერა მაქვს გამზადებული და კიდევ ბევრის დაწერას ვაპირებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები