2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებულია. ამის მიუხედავად პოლიციელებს, მასწავლებლებსა და ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მიისი თქმით, ხელფასები 100 ლარით ეზრდებათ იმ პედაგოგებს, ვინც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
„შემოტანილია ბიუჯეტის ბოლო, კორექტირებული ვერსია. შეცვლილია ყველა პარამეტრი, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებულია. ბიუჯეტის დეფიციტი არის 7,6%. ხოლო სესხების მაჩვენებელი არის 60%-ზე ზემოთ. ეს კრიტიკული მაჩვენებელია, რომელიც როგორც ეკონომისტსა და ფინანსისტს მაწუხებს. თუმცა, მთავრობა გვეუბნება, რომ არ მოხდება ამ მაკროეკონომიკური რისკების რეალიზაცია და აქვს გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ პარამეტრებს შეამცირებს. მიუხედავად გაუარესებული მაკროეკონომიკური ფონისა, ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური ვალდებულების შესრულება, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ეს არის კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები, სოციალური ვალდებულებები, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, 2021 წელს 2,5% მილიარდი ლარით მეტი დაიხარჯება ვიდრე იხარჯება 2020 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარჯები, ასიგნებები იქნება 18,4 მილიარდი ლარი“, – განაცხადა კოვზანაძემ.
კოვზანაძის თქმით, გათვალისწინებულია გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება იმისათვის, რომ ეკონომიკის განვითარება არ შეჩერდეს.
„გათვალისწინებულია გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება იმისათვის, რომ ეკონომიკის განვითარება არ შეჩერდეს და როგორც კი კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები ამოიწურება, შევძლოთ ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია 4,3%-ის ფარგლებში. დამძიმებულია მაკროეკონომიკური ფონი, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში და მთელ მსოფლიოში არის კრიზისი”, – ამბობს კოვზანაძე.
მისივე განმარტებით, კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის შესახებ ყველა მუხლს დეტალურად განიხილავენ.