ინდოეთის ტყეში მაიმუნებთან გაზრდილი გოგონა იპოვეს. ის უცხოურ გაზეთებში უკვე შეადარეს “ჯუნგლების წიგნის” პერსონაჟს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ საქმე მულტფილმისგან განსხვავებით, საკმაოდ რთულადაა.
გოგონა მაიმუნების გარემოცვაში იპოვეს, ის სრულიად შიშველი იყო. დაახლოებით, 8 წლის ასაკის ბავში გადასაადგილებლად ხელებს და ფეხებს ერთდროულად იყენებდა, ვერ საუბრობდა და მაიმუნის მსგავს ხმებს გამოსცემდა.
თუმცა, ადამიანებთან ყოფნის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ჩვეულებრივად, 2 ფეხზე გაიარა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, საგანგებო დანაყოფებს, მაიმუნებთან ბრძოლა მოუწიათ იმისთვის, რომ გოგონა წამოეყვანათ.
ექიმები ამბობენ, რომ გოგონა განუვითარებელია როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. მას არ შეუძლია ლაპარაკი და სხეულზე უამრავი ჭრილობა აღენიშნება, ასევე დარღვეული აქვს ორიენტაცია.
ამჟამად ის ჰოსპიტალში იმყოფება და ექიმები ცდილობენ ბავშვი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მოამზადონ.
ექიმები ვარაუდობენ, რომ გოგონა მშობლებმა, ტყესთან ახლოს მისი სქესისა და ნაკლის გამო დატოვეს. მას სმენა აქვს დაქვეითებული, ინდოეთში კი, ზოგიერთ ოჯახში გოგონებს ბიჭებზე ნაკლებად აფასებენ.
“ინდოეთში ხალხს გოგო ბავშვი ნაკლებად უნდათ, თან გოგონას სმენა დაქვეითებული აქვს – ეს დამატებითი პრობლემაა ღარიბი ოჯახებისთვის. სავარაუდოდ ის მიატოვეს. თუმცა მან საავადმყოფოში მოხვედრიდან მალევე დაიწყო ადამიანურად მოქცევა, ასე რომ ვვარაუდობთ, რომ ის ერთ წლამდე მაინც ოჯახში იზრდებოდა”, – განაცხადა ექიმმა.
გოგონას მალე ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანენ და მის გამოჯანმრთელებაზე იზრუნებენ.
https://www.youtube.com/watch?v=a6Q3Ptw2PeA
თამთა უთურგაშვილი